საზოგადოება

საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პიკს შეიძლება თავი აარიდოს

25.03.20 11:30


საქართველომ, შესაძლოა, არც მიაღწიოს კორონავირუსის გავრცელების პიკს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის არის ინფორმაცია ინფიცირების ყველა წყაროს შესახებ და კონკრეტულად რას უკავშირდება თითოეული კონკრეტული შემთხვევა.

„რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი კლასტერი როდის ემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლდება ყველა კლასტერი. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა ვიცით, რასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეშვიდე-მერვე კვირაში. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის ძალიან აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონიძიებები, ამიტომ მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შესაძლოა, არც არასოდეს მივიღოთ ეს პიკი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მთავრობის მიზანი სწორედ ის იყო, რომ დაინფიცირების შემთხვევები გაზრდილიყო არა მკვეთრად, არამედ ეტაპობრივად. ხოლო საუკეთესო სცენარი, გაბუნიას აზრით, არის ის, როდესაც დაინფიცირების შემთხვევების ზრდა ეტაპობრივად ხდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირები 73 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 9 გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში ერთი თვით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები