საზოგადოება

კახა კალაძე „იანდექს ტაქსიზე“ - რუკა არ მინახავს, მაგრამ თუ აფხაზეთი და ცხინვალი ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

30.08.16 19:30


ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, მას „იანდექს ტაქსის“ რუკები არ უნახავს, თუმცა თუ იქ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ცალკე ქვეყნებად არის გამოყოფილი, „ეს ძალიან ცუდი“ და მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

რაც შეეხება ზოგადად, რუსული კომპანიების არსებობას საქართველოს ბაზარზე, ვიცე-პრემიერი ბიზნესის შეზღუდვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„მე ვიცი, რომ უკვე წლებია, საქართველოში სხვადასხვა რუსული კომპანია არსებობს და ვფიქრობ, ხელის შეშლა ბიზნესის თვალსაზრისით არ იქნებოდა სწორი. ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, მთავარია, ბოროტად არ იქნას გამოყენებული ეს მიმართულება. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ჩემთვის პირადად და მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ფაქტი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული გზა და ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ემსახურება ამას, თუმცა პარალელურად ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. ეს არის ჩვენი პარტნიორების, მეგობრების რჩევაც, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე. არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იქნება. ნაბიჯები, რომლებიც იქნა გადადგმული, ის, რომ დღეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა შესაძლებელია, მისასალმებელია, თუმცა პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ გვაქვს პრობლემები. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსული კომპანია “იანდექს ტაქსის” ქართულ ბაზარზე 23 აგვისტოს შემოვიდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ “იანდექსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა დატანილი და შესაბამისად, კომპანია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს” არღვევს. თავად „იანდექს ტაქსის“ წარმომადგენლობა ამ ბრალდებას უარყოფს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები