პოლიტიკა

პრემიერის პოზიცია საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ უსაფრთხოებას – TDI

16.04.20 10:15


“ბოლო დღეებში საქართველოს საპატრიარქოს მიმართ გამოვლენილი სუსტი და არასახელმწიფოებრივი პოზიციით საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მას მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უნარი არ შესწევს”, – აცხადებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI].

ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებებს. 14 აპრილს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვერც ეკლესია მოუწოდებს ადამიანებს ტაძარში არმისვლისკენ და ვერც სახელმწიფო – კანონდარღვევისკენ. შესაბამისად, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ თავად მოქალაქეები გამოიჩენენ სიბრძნეს და აიღებენ პასუხსიმგებლობას “როგორც ეკლესიაზე, ასევე, სახელმწიფოზე”.

ორგანიზაციის აზრით, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება რამდენიმე მიზეზის გამო იწვევს შეშფოთებას:

“ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს გადაადგილებისა და შეკრების მკაცრი წესები. სახელმწიფოს პასუხი ცალკეული მოქალაქისა თუ იურიდიული პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის შემთხვევებზე მკაცრია, ხოლო კანონმორჩილ მოქალაქეებს კარანტინის რეჟიმში ცხოვრება მძიმე ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური პირობების გათვალისწინებით უწევთ.

ამის პარალელურად საქართველოს საპატრიარქო და სასულიერო პირები დაუფარავად არღვევენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ წესებს. ხოლო ხელისუფლება, რეაგირების ნაცვლად, დადგენილი წესების დარღვევის შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ამგვარი შერჩევითი დამოკიდებულებით ხელისუფლება უარს ამბობს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპებზე: კანონის უზენაესობაზე, თანასწორუფლებიანობასა და მოქალაქეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე.

ამასთანავე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ,,საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა”. სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია უნდა თანამშრომლობდნენ “ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ”.

სახელმწიფოს კონფესიური ხასიათის აღიარებით, მთავრობის ხელმძღვანელმა უხეშად უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნა, კონსტიტუციური შეთანხმების პირნციპი, ურთიერთდამოუკიდებლობის საფუძველზე ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა, აღიარა ერთი აღმსარებლობის უპირატესობა, მათ შორის, რელიგიური ინსტანციის უპირატესობა სახელმწიფო ინსიტუტებზე.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის მოცემული პოზიცია საფრთხეს უქმნის ხელისუფლების მიერ შემოღებული საგანგებო ზომების აღსრულების ლეგიტიმაციასა და საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამგვარი პოზიცია უკიდურესად ნეგატიურად აისასახება ხელისუფლების მხრიდან ადამიანების ჯამრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს და მთელ ხელისუფლებას, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფოებრიობას, ადეკვატურად შეაფასონ საქართველოში პანდემიის საფრთხე, ამ კონტექსტში, საქართველოს საპატრიარქოს როლი და გადადგან ყველა ნაბიჯი, რათა დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები