პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს სჭირდება

16.04.20 11:30


ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ და აღვასრულებთ მთავრობის გადაწყვეტილებებს პოლიციასთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქართველ სამხედროებს უხილავ მტერთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონია და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთანავე ჯარი ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩაერთო.

ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვის ძალების უშუალო ამოცანაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თავდაცვის ძალების მიერ 70 საკონტროლო გამშვები პუნქტია მოწყობილი, დაახლოებით 950 000 მოქალაქეს სამხედრო ექიმების მიერ თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და თითქმის 470 000 ავტომობილი სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ასეულის მიერ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა. თავდაცვის მინისტრმა საუბრისას კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვისა და შსს-ს ძალების გამართულ კოორდინირებულ მუშაობას გაუსვა ხაზი.

„ეს გაკვეთილის მომცემია ჩვენთვის და ჩვენი სამხედროებისთვის, თავდაცვის ძალების სამეთაურო რგოლისთვის, ასევე ზოგადად აღმასრულებლებისთვის, ვინაიდან ჩვენ მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, პოლიციასთან ერთად მოხდეს კოორდინირებული შერკინება და გამკლავება ასეთ უხილავ მტერთან, პრობლემასთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა იმ ღონისძიებების შესახებაც იმსჯელა, რომელიც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში გატარდა. როგორც მან აღნიშნა, ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაახლოებით 2 თვის წინ, უწყებაში შესაბამისი შტაბი შეიქმნა, გაიმართა მართვის ცენტრი, 21 მარტიდან ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, მაქსიმალურად გამკაცრებულია სამხედროების შესვლა, მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი, მუდმივად უტარდებათ შემოწმება.

ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედში“ სტუმრობისას ყურადღება სამედიცინო დეპარტამენტის აქტიურ ჩართულობასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალის მაღალ პროფესიონალიზმზეც გაამახვილა და სამხედრო ექიმებსა და სამხედროებს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მადლობა გადაუხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები