პოლიტიკა

საგარეო უწყება - საქართველოს საელჩოებმა ბრიტანეთში, რუმინეთსა და ბელგიაში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყვეს

20.04.20 17:00


საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, 228 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში „ჯორჯიან ეარვეისისა“ და სხვა ალტერნატიული რეისების საშუალებით. ასევე, უახლოეს დღეებში კიდევ ცხრა ადამიანი დაბრუნდება საქართველოში.

„საყურადღებოა, რომ საელჩომ საცხოვრებლითა და საკვები ვაუჩერებით უზრუნველყო შესაბამისი კატეგორიის მქონე საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი თანამშრომლობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაიმართა ონლაინკონსულტაცია ვირუსის გავრცელების და მისი შემდგომი პრევენციის საკითხებზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, ბელგიასა და რუმინეთში საქართველოს საელჩოებმა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარების გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, პირველადი საჭიროების ნივთებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყვეს.

ასევე, ბელგიაში საქართველოს საელჩომ რამდენიმე ათეული ადამიანი უზრუნველყო თავშესაფრით, ხოლო რამდენიმე მოქალაქისთვის, რომლებსაც გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, მატარებლით უსასყიდლოდ მგზავრობა უზრუნველყო.

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უახლოეს პერიოდში გეგმავს საქართველოში გამომგზავრებას. მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ეფექტური ორგანიზების მიზნით, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, 2020 წლის 20 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 6747 მოქალაქე.





წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები