საზოგადოება

გაუჩინარებული სამხედროების ძებნა შეწყდა

31.08.16 16:55


თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა შავ ზღვაში წვრთნების დროს გაუჩინარებული კაპრალ იაგო შარაძისა და პირველი კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის ძებნა შეწყვიტა, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში. იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი გონიოში საზღვაო ზოლში მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებში ირიცხებიან. ინფორმაცია მათი გაუჩინარების შესახებ 16 აგვისტოს გავრცელდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ ასევე ამერიკელი სამხედროები.

აღსანიშნავია, რომ 650 ტონიანი თურქული ხომალდი 41-კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო. უწყება აღნიშნავს, რომ სამძებრო სამუშაოები ამერიკელმა სამხედროებმაც შეწყვიტეს. ამავდროულად, შარაძის დედამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ის თავდაცვის სამინისტროსგან სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას მოითხოვს.

დაკარგული სამხედროების ნათესავები და ახლობელები დარწმუნებული არიან, რომ ვიღაცამ, დანაშაულის კვალის დასაფარავად, მათი ცხედრები განზრახ გადამალა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქართველი სამხედროების გაუჩინარების საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება და საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია უახლოეს მომავალში მიეწოდება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე. იაგო შარაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლის დეკემბრიდან მსახურობს. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტია. გიორგი ნანეტაშვილი სამხედრო მოსამსახურე 2013 წლის ივნისში გახდა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები