პოლიტიკა

2002-2019 წლებში საპატრიარქომ ბიუჯეტიდან 276 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

07.05.20 13:40


მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო - ამის შესახებ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებაშია საუბარი.

მათივე ინფორმაციით, თვითმართველი თემები და ქალაქები საპატრიარქოს "მატერიალურ სიკეთეს", ყოველწლიურად, დაახლოებით 4-5 მილიონ ლარს გადასცემენ.

TDI-ს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, 2009 წლიდან 2013-მდე ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები 22-დან 27 მილიონამდე მერყეობდა, ხოლო 2013 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი საპატრიარქოს დაფინანსებისათვის სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს. მათივე ინფორმაცით, 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25 535 400 მილიონი ლარი, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

განცხადების თანახმად, საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI აცხადებს, რომ მათი და სხვა ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.

"იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო დაფინანსების ამგვარ პრაქტიკას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების არგუმენტით ამართლებს, ფორმალურად, საპატრიარქოს ფინანსურ უზრუნველყოფას პირდაპირი დაფინანსების სახე აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.

TDI-ის თქმით, "მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული მატერიალური სიკეთე უმრავლეს შემთხვევაში რელიგიური საქმიანობისა და მიზნებისთვის გამოიყენება და შესაბამისად, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს".




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები