პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს

07.05.20 17:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეფონით კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს ესაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და კვიპროსში არსებული ვითარება და ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმები განიხილეს.

მათივე განმარტებით, კვიპროსის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა კვიპროსის პრეზიდენტს პანდემიისას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს.

თავის მხრივ კი, კვიპროსის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ ევროპულ ლიდერებს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებისაკენ მოუწოდოს.

საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისისას საერთაშორისო სოლიდარობის ფონზე ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება.

კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი კრიზისის დასრულების შემდეგ კვიპროსში ვიზიტით მიიწვია.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები