საზოგადოება

თბილისში ქართულ– ბელორუსული საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორების გამოფენა მოეწყო

01.09.16 21:30


თბილისში ბელორუსიის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიხსნა, სადაც ბელორუსიის 150 მსხვილი კომპანიის პროდუქციასთან ერთად, ქართულ– ბელორუსული საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორებია წარმოდგენილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბელორუსიის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს ქართველი და ბელორუსი ხალხის კიდევ უფრო დაახლოებას და სავაჭრო თუ ტურისტული საქმიანობის გაღრმავებას.

გიორგი კვირიკაშვილმა ორივე ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად 2017 წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდა დაასახელა.

“ამ გამოფენის იდეა ჩაისახა 2015 წლის აპრილში, როდესაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო. ასეთი გამოფენები ხელს უწყობს ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას და ახალი იდეების დაბადებას ბიზნესის წრეების წარმომადგენლებს შორის. ასევე, მისასალმებელია, რომ ამ გამოფენის პარალელურად, ჩატარდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი, დადებითი დინამიკა ბევრი მიმართულებით, ეს არის ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ. დავისახეთ ამოცანა, რომ 2017 წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობა უნდა გავზარდოთ 200 მილიონ დოლარამდე და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,”–აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მანქანებისა და ტრაქტორების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოს ფუნქციონირებას და დაგეგმილია მსგავსი საწარმოების შექმნა სხვა მიმართულებითაც.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ მიხაილ რუსისთან, თუ როგორ უნდა გავაფართოოთ ეს წარმოება სხვა სახეობების მიმართულებით და ასევე სერვისის მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან წარმატებული ტექნოპარკი, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა– სტარტაპის დამწყები ბიზნესის დაფინანსების მოდელი- დიდწილად ნაკარნახევია იმ ძალიან წარმატებული გამოცდილებით, რომელიც ბელარუსის ტექნოპარკს გააჩნია. აღნიშნული ტექნოპარკი მოვინახულეთ ჩვენი ვიზიტის დროს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს აი, ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენისთვის.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები იაქტიურებენ და დაამყარებენ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან ბიზნესკონტაქტს. მინდა, ასევე, მივესალმო საქართველოს საელჩოს მხრიდან მინსკში ჩატარებულ თბილისობის ღონისძიებას, რომელსაც ათიათასობით ადამიანი დაესწრო ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან,”–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისში გამართული ბელორუსიის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენის მნიშვნელობა ბელორუსიის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმაც შეაფასა. მისი თქმით, გამოფენა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებას. „ყველა ამოცანა, რაც ჩვენ წინაშე დგას, აუცილებლად შესრულდება. ბელორუსიისა და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები თანხვედრაშია და ავსებს ერთმანეთს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოს სახით ვხედავთ ნამდვილ მეგობარს, რომელიც გვერდში გვიდგას და მხარს გვიჭერს,”–აღნიშნა მიხაილ რუსიმ სიტყვით გამოსვლისას.

ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებს შორისაა საქართველო-ბელორუსიის ერთობლივი საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები. გამოფენა მოიცავს ბელორუსული პროდუქციისა და მომსახურების ფართო სპექტრს, ესენია: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები