პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - არ დავუშვებ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში

12.06.20 17:00


ისეთი ინსტიტუტების პოლიტიზირება, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, 2012 წელს დავასრულეთ. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მან სამწუხარო უწოდა გენერალ დევი ჭანკოტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ეს ჯარის პოლიტიზირების მცდელობა იყო. მისივე თქმით, ქართული ჯარის პოლიტიზირების მცდელობის შემთხვევაზე მისი რეაგირება უმკაცრესი იქნება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ გენერალი ჭანკოტაძე სამხედრო ფორმით გამოცხადდა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ეს ჯარის პოლიტიზირების პირდაპირი მცდელობა იყო.

ეს არის იმ ხელწერის და იმ პრეცედენტების გაგრძელება, რომელიც, სამწუხაროდ, მათ შექმნეს.

ეს იყო ჯარის პოლიტიზირების სავალალო, საგანგაშო, შემაშფოთებელი მცდელობა. ისეთი ინსტიტუტების პოლიტიზირება, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, 2012 წელს დავასრულეთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ არ დავუშვებთ ჯარის და ჯარისკაცების პოლიტიზირებას. ჯარი არ არის არცერთი პარტიის, არცერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობის კუთვნილება არ არის. ჯარი არის ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე, თითოეული ჩვენი მოქალაქის დამცველი და იმედი. აქედან გამომდინარე, გიდასტურებთ, რომ მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში. აღნიშნულის შემთხვევაში, ჩემი რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი, ისეთი, როგორიც კანონის თანახმად არის გაწერილი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები