პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკებები დაასრულა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის

08.07.20 10:30


ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას განიხილეს მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. არაერთ ქვეყანაში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.

"საქართველოს მთავრობა აკვირდება გლობალურ სურათს და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, დგამს ფრთხილ ნაბიჯებს.

უკვე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს გახდება ცნობილი. ამ თემაზე მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ, ერთობლივად გადაიხედება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის პირობები.

საქართველოს მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება", - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები