პოლიტიკა

გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს

08.07.20 14:40


გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მთავარი კომიტეტის სხდომა გამართა, სადაც ორგანიზაციის მიერ პანდემიის პირობებში გაწეული სამუშაო და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიგი წერეთელმა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებულ ონლაინ აქტივობებზე და აღნიშნა, რომ ასამბლეა ინტენსიურად მუშაობდა მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან ვებ-კონფერენციების და ონლაინ შეხვედრების რეჟიმში, ასამბლეის კომიტეტებმა გამართეს არაერთი შეხვედრა ფართო ჩართულობით და ცნობილი ექსპერტებით ეუთოს პრიორიტეტების შესაბამისად. ეს ეხებოდა უსაფრთხოების, არსებული კონფლიქტების, დემოკრატიის საფრთხეების, ტერორიზმის, მიგრაციის, გენდერული თანასწორობის, არჩევნების მონიტორინგის, გარემოს დაცვის და სხვა საკითხებს.

აღინიშნა, რომ პანდემიის გამო ასამბლეის ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, მათ შორის წლიური სესიაც ვანკუვერში, სადაც უნდა გამართულიყო პრეზიდენტისა და ბიუროს არჩევნები. შესაბამისად, გიგი წერეთელი, ასამბლეის პრეზიდენტი კიდევ ერთი წლის განმავლობაში იქნება.

„პანდემიის გამო დღეს, მთელ მსოფლიოში ძალიან გართულებულია ყველა ორგანიზაციისთვის მუშაობა, ეუთოც მათ რიგშია ბუნებრივია და ჩვენ სრულად ვართ გადასული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაშიც ონლაინ რეჟიმზე, დღესაც გვქონდა მთავარი კომიტეტის შეხვედრა და ჩვენ ვცდილობთ, რომ აქტიური იყოს ორგანიზაცია. იმის გამო, რომ ვერ ტარდება ჩვენი ყოველწლიური სესია, შესაბამისად, არ იმართება არჩევნები, მიღებული იქნა ეუთოში გადაწყვეტილება, რომ მე გავაგრძელებ ჩემს საპრეზიდენტო საქმიანობას კიდევ ერთი წლის განმავლობაში და ვეცდებით, რომ ეს პერიოდი იყოს გამოყენებული ორგანიზაციის გასაძლიერებლად, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდდეს პოსტკოვიდ პერიოდში ევროპაში და ასევე მის ფარგლებს გარეთაც დემოკრატიის გაძლიერებისათვის და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის( ეუთო) საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპარლამენტო გაერთიანებაა მსოფლიოში. მასში 57 ქვეყნის 350 მდე პარლამენტარია გაერთიანებული. გიგი წერეთელი 2017 წლიდან ამ ორგანიზაციის პრეზიდენტია. ის ორჯერ აირჩიეს ფარული კენჭისყრით, 2018 წელს ბერლინში და 2019 წელს ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები