პოლიტიკა

ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ – სააკაშვილი

14.07.20 15:40


მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას “დიდი გეგმები აქვს” როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში შემოდგომაზე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, “გადამწყვეტი გარღვევისათვის” ემზადება. აღნიშნულზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ “ფეისბუქზე” დაწერა.

ვრცელ პოსტში სააკაშვილი უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რეფორმების კომიტეტის სამომავლო გეგმებს შეეხო, თუმცა საქართველოზეც ისაუბრა.

“მე დიდი ტრანსფორმაციის მომხრე ვარ. ნახევარი ნაბიჯების არ მჯერა, მჯერა მხოლოდ პროცესის შედეგების”, – ამბობს ის.

სააკაშვილის განცხადებით, არცერთ ქვეყანაში აქვს მაღალი თანამდებობების პრეტენზია, თუმცა აცნობიერებს, რომ არაერთი ადამიანისთვის ის რეფორმების იმედთან არის დაკავშირებული.

“შემოდგომაზე საქართველოში გადამწყვეტი გარღვევისთვის ვემზადები. ჩვენ დავამთავრებთ ჩემი სამშობლოს დამცირებას რუსეთის პროტეჟეს, ოლიგარქი ივანიშვილის მხრიდან და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას განვითარების სწრაფ გზაზე, თუნდაც დიდი ფასის გადახდა მომიწიოს ამისთვის.

დიახ, მე არ მაქვს პრეტენზია მაღალ თანამდებობებზე არცერთ ქვეყანაში, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ვარ რეგიონალური ლიდერი და ბევრისთვის დაკავშირებული ვარ გაუმჯობესებისა და რეფორმების იმედთან. ამ ადამიანებს მე იმედს არ გავუცრუებ, რაც უნდა მოხდეს და რადაც არ უნდა დამიჯდეს”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში და პოსტს ასე ასრულებს:

“ჩვენი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ!”

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც ახმიანებს შეფასებებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ასეთი განცხადების შემდეგ, რომელშიც წერდა, რომ “არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას” და “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი დაიბარა.

საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩს შეხვდნენ გასულ კვირასაც, როდესაც სააკაშვილმა ასეთივე შინაარსის განცხადება გაახმიანა.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები