პოლიტიკა

კელი დეგნანი დღეს ნინო ლომჯარიას შეხვდა

21.07.20 17:40


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.

გაცნობით შეხვედრაზე კელი დეგნანმა და ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენის აპარატის საქმიანობაზე, მოახლოებულ არჩევნებზე, ოკუპაციაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ ელჩმა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი შეხვედრა მქონდა სახალხო დამცველთან. მათი როლი მონიტორინგის კუთხით ნამდვილად არის მნიშვნელოვანი დემოკრატიის განვითარებისა და გაღრმავებისთვის. არაჩვეულებრივი საქმიანობა, რასაც ისინი ახორციელებენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ზუსტი, დაბალანსებული ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემაში შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული საკითხები ამ კუთხით, მათი როლი კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ ნამდვილად გვინდა, საქებარი სიტყვები გამოვხატოთ მათი ერთგულებისთვის და მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დიპლომატი დაინტერესდა, რა ფორმით იქნება ჩართული ომბუდსმენი პროცესებში.

„ელჩს თვითონ უფრო მეტად აინტერესებდა ჩვენი პოზიცია. შესაბამისად, აინტერესებდა, რა იქნება სახალხო დამცველის როლი წინასაარჩევნო პერიოდში და როგორი მოლოდინი გვაქვს ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ წარსულ გამოცდილებაზე, იმაზე, რომ ყველაზე პრობლემატური წინასაარჩევნო გარემოს დროს იყო ზეწოლა ამომრჩეველზე, როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში.

ვისაუბრე იმაზე, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საუბრობენ დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე. განსაკუთრებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები. ასევე, ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული არაერთი ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევა, ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები და ვისაუბრეთ ამ სავარაუდო პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე იმაზე, ამ პროცესების დროს, თუ რა ფუნქციის და როლის შესრულება შეუძლია სახალხო დამცველს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.



წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები