პოლიტიკა

პარლამენტმა არჩევნებამდე პერიოდში, შესაძლოა, არსებული საარჩევნო მოდელის შეცვლა და ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის ამოქმედება შეძლოს

18.05.16 21:25


არ არის გამორიცხული, პარლამენტმა არჩევნებამდე დარჩენილ დროში, არსებული საარჩევნო მოდელის შეცვლა და ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის ამოქმედება შეძლოს.

“საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში “რესპუბლიკელების“ მიერ უკვე ინიცირებულია და თავად “რესპუბლიკელთა“ და უმრავლესობის გარეთ მყოფი პოლიტიკური სუბიექტების ძალებისა და ხმების მობილიზების შემთხვევაში, პროექტის მიღების შანსი რეალურია. იმ შემთხვევაში, თუ გერმანული მოდელის გარშემო “რესპუბლიკელები“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე “გირჩი“ გაერთიანდება და მათ ორი-სამი ხმით ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატებიც დაეხმარებიან, “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი 76 ხმის მოგროვება შესაძლებლი ხდება.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით კი, ყველა ზემოთაღნიშნული სუბიექტი “გერმალურ მოდელზე“ გადასვას მხარს უჭერს და მათი ძალისხმევით სისტემის შეცვლა გამორიცხული არ არის.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, უმცირესობა აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისა და შესაბამის კონსულტაციებში ჩართვისთვის მზად არის.

“საარჩევნო მოდელი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა, აბსოლუტურად უვარგისია. ეს არის ერთი საარჩევნო ციკლისთვის მომზადებული პროექტი, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს - “ქართული ოცნების“ მიერ სკამების შენარჩუნებისა და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გაგრძელების მიზანს ემსახურება. ჩვენ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად, 200 ათასი ხელმოწერით პარლამენტში შეტანილი გვაქვს პროექტი, რომლითაც 2016 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას ვითხოვთ. იმის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არ არის, ჩვენ ვართ მზად, ოღონდ კი, ეს მახინჯი, “ქართული ოცნების“ სკამებზე მორგებული სისტემა შეიცვალოს, მხარი დავუჭიროთ ალტენატიულ სისტემებს და ჩავერთოთ განხილვებში. ამიტომ ჩვენ წინასწარი კონსულტაციები გვქონდა როგორც “გირჩთან“ - მათ მიერ მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით, ასევე “რესპუბლიკელებთან“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მიხეილ მაჭავარიანმა.

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ცნობით კი, ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას ფრაქცია მთელი შემადგენლობით დაუჭერს მხარს.

“ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები, ფრაქციები, რომლებიც არ არიან უმრავლესობის შემადგენლობაში, მხარს დაუჭერენ პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას. ჩატარებული კენჭისყრა ნათლად გამოაჩენს, რეალურად, ვის სურს ამ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემოს მიღება და ვის - არა“, - აცხადებს ჩიქოვანი.

გერმანული საარჩევნო მოდელის ამოქმედების ინიციატივისადმი ფრაქციის მხარდაჭერა ”ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა უმრავლესობის შემადგენლობიდან ახლადგასული ფრაქცია “ეროვნული ფორუმის“ წევრმა თემურ მაისურაძემაც.

“ზოგადად, “ეროვნული ფორუმი“ ყოველთვის იყო საარჩევნო სისტემის შეცვლის ინიციატორი. იმ ვარიანტისთვის, რომელიც სადღეისოდ არის, იძულებული ვიყავით მხარი დაგვეჭირა, რადგან “ქართულმა ოცნებამ“ მაშინ სხვა არჩევანი ვერ მოგვცა. იმის იმედით, რომ არსებული საარჩევნო სისტემა 2020 წლისათვის მაინც შეცვლილიყო, “ქართული ოცნების“ ინიციატივას მხარი დავუჭირეთ. გერმანული საარჩევო მოდელი არის ძალიან გამარტივებული და ძალიან მიახლოებული იმ მოდელთან, რაზეც წესით, საბოლოოდ, ქვეყანა უნდა გადავიდეს. აქედან გამომდინარე, რაკი აღნიშნული საკითხი ჩვენ ყოველთვის პრინციპულ საკითხად მიგვაჩნდა, წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ“, - აცხადებს თემურ მაისურაძე.

რაც შეეხება თავად ფრაქცია “რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებულ პროექტს, ის შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს, რაც მათივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეიძლება მოხდეს.

ე.წ. გერმანული მოდელის და შესაბამისი კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია არა მაჟორიტარული სისტემით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობისა და პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის ჯამისა, არამედ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ. საკუთრივ პარტიულ სიას მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა ტოლია პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი ზემოაღნიშნული მანდატების რაოდენობისა და მაჟორიტარული წესით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობის სხვაობისა. იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ მაჟორიტარული წესით უფრო მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნის მიღებული ხმების პროპორციის შესაბამისად, მის პარტიულ სიას მანდატი აღარ მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში მანდატების ეს ნამეტი გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღურბლგადალახულ სუბიექტებს შორის.

იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული სისტემით მანდატები მოიპოვეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, მანდატების ეს რაოდენობა, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული მანდატების ნამატი, გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღურბლგადალახულ სუბიექტებს შორის.

პროექტის თანახმად, ხმების პროცენტის შესაბამისად მიღებული მანდატების რაოდენობის განსაზღვრისას გამოიყენება საარჩევნო კვოტის პრინციპი, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის მიხედვით.

ასევე პროექტით, თუ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა გადალახა საარჩევნო ზღურბლი, მაგრამ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით 6-ზე ნაკლები მანდატი მოიპოვა, მას მიეკუთვნება დამატებითი მანდატები 6-მდე შესავსებად, რისთვისაც თითო მანდატი რიგრიგობით დააკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც სხვა სუბიექტების მანდატების რაოდენობაზე ნაკლები, მაგრამ 7-ზე მეტია.

ამასთან, წარმოდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენას მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია კიდევ ერთი - “გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები