პოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსგან სამართლიან არჩევნებს ელოდება

08.09.16 14:20


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად უნდა ჩატარდეს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თბილისში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბრისთვის არის დანიშნული.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რომელიც ასევე მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერია, განაცხადა, რომ დარწმუნებულია თავისი გუნდის გამარჯვებაში.

პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას შეაფასებს და ადექვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შევძლებთ იმ სტანდარტის შენარჩუნებას, რომელიც საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე ვაჩვენეთ, თუმცა ამ არჩევნების მნიშვნელობა გაცილებით მეტია გამომდინარე იქედან, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, შესაბამისად ფსონიც უფრო მაღალია“,-აღნიშნა მან.

საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, კვირიკაშვილის სიტყვებით, გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე.

„ჩვენ არ დავიშურეთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ნამდვილად საუკეთესო გახდეს. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა“,- თქვა პრემიერმა.

2012 წელს უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა, მან მმართველი ძალის პოზიციებს მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტია ჩამოაცილა. მან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა და მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა ჩამოაყალიბა.

ერთი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. სწორედ ამის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ძირითადი ამოცანა შესრულებულია და პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 856


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები