პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ნატოზე ვეტოს შესაძლებლობა არ გააჩნია

08.09.16 16:25


რუსეთს ნატოზე ვეტოს შესაძლებლობა არ გააჩნია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საერთაშორისო კონფერენციაზე ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატომ არაერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის გაფართოებას მაინც ახერხებს.

”რუსეთი ნატოს გაფართოებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანებას, ვარშავის პაქტის წევრების გაწევრიანებას. რუსეთი ახლახან ნატოში მონტენეგროს მიღებასაც აპროტესტებდა, მაგრამ ნატომ არაერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ახერხებს გაფართოებას. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს ვეტოს შესაძლებლობა არ გააჩნია”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატოს კარი ღიაა, რაც ნატომ არაერთგზის დაადასტურა. მან ამ კონტექსტში, საქართველოსთან მიმართებით, ყურადღება რეფორმების გატარების აუცილებლობაზე გაამახვილა.

”რასაც ამჟამად საქართველოში ვაკეთებთ, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. გვაქვს წვრთნები, ვეხმარებით საქართველოს, განახორციელოს სტრუქტურების მობილიზაცია, პოტენციალის გაძლიერება. ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. საქართველოში ბევრად მეტი ნატოა წარმოდგენილი, ვიდრე იყო მანამდე და ნატოშიც ბევრად მეტი საქართველოა წარმოდგენილი. საქართველომ ნამდვილად უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება, მაგრამ საჭიროა მოთმინება. ასევე უნდა იყოთ რეალისტურები. საჭიროა კონსენსუსის მიღწევა. ნატოს კარი ნამდვილად ღიაა”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები