პოლიტიკა

ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - ხშირად მიჩნდება განცდა, რომ სააკაშვილს ვიღაც ფულს უხდის, როცა გაგიჭირდებათ, გამოვიდეს და სისულელე ილაპარაკოს

01.09.20 14:00


ხშირად მიჩნდება განცდა, რომ სააკაშვილს ვიღაც ფულს უხდის, როცა გაგიჭირდებათ, გამოვიდეს და სისულელე ილაპარაკოს, - ამის შესახებ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც უმრავლესობას მიმართა.

როგორც ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში არ ჩამოსვლის გარანტი არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართველი ხალხია.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ბედნიერები ხართ, რომ სააკაშვილი კიდევ გამოჩნდა ასპარეზზე, რადგან ისევ თქვენი მთელი ენერგიის, თქვენი მთელი ინტელექტუალური პოტენციალის კონცენტრირება მოხდა სააკაშვილზე. დღეს, უახლოეს ისტორიაში სააკაშვილი მორალურად, ინტელექტუალურად გაკოტრებული პოლიტიკოსია, უკვე კომიკური ფიგურაა, დაანებეთ თავი სააკაშვილისგან „ბუას“ შექმნას და რეალურად ოპონირება თუ გინდათ, მოდი, ჩვენთან იყავით ოპონენტები, იმ ადამიანებთან იყავით ოპონენტები, რომლებიც მორალური ღირებულებებით და ინტელექტუალური თვალსაზრისით რეალურ ოპონირებას გაგიწევენ თქვენ და არა მორალურად გაკოტრებულ ძალასთან.

რაღაც განცდა მიჩნდება ხოლმე ხშირად, რომ ვიღაც ფულს უხდის სააკაშვილს, როცა გაგიჭირდებათ, გამოვიდეს და სისულელე ილაპარაკოს - ვბრუნდებიო და ა.შ.. თქვენ არ ხართ სააკაშვილის საქართველოში არ ჩამოსვლის გარანტი, სააკაშვილის საქართველოში არ ჩამოსვლის გარანტი ქართველი ხალხია და არა „ქართული ოცნება“. დღეს რომ ლაპარაკობთ პარლამენტში ამდენი კანონი მივიღეთ, რეფორმა გავატარეთო, ჩამოგითვლით, რომ თითქმის, 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენი გუნდის ძალისხმევისა, ბევრი არაფერი გაგიკეთებიათ საამაყო. ავიღოთ მოსამართლეების და სასამართლო რეფორმის საკითხი, „კლანი“ დაგვასვით ისევ თავზე, ეს არ არის საამაყო. ავიღოთ საპენსიო რეფორმა, რომელიც შემოთავაზებული გვქონდა, აღნიშნულით დღეს უკვე ადამიანები გაზრდილ პენსიას მიიღებდნენ, თქვენი რეფორმების შედეგად, ადამიანი, რომელსაც 500 და 1000 ლარი აქვს ხელფასი, და ეს ხელფასის მიმღებთა 70%-ია, პენსიაზე რომ გავა, მხოლოდ ტელევიზორს იყიდის, მეტს ვერაფერს შეძლებს, ესეც ძალიან კარგად იცით და საამაყო არ არის“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები