პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი საარჩევნო სია არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ერთ-ერთი საფუძველი გახდება

09.09.16 20:25


“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო სია მათი დამაჯერებელი გამარჯვების საფუძველი გახდება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სიაში ღირსეული ადამიანები არიან წარმოდგენილი. მისი განმარტებით, დეპუტატობის კანდიდატები სხვადასხვა პრინციპით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ.

”ჩვენ აქცენტს გამოცდილებაზე, კვალიფიკაციასა და სუფთა წარსულზე ვაკეთებდით.

სწორედ ამ ნიშნებით შეირჩნენ ადამიანები, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილი ჩვენს სიაში. გარდა ამისა, სხვადასხვა ფაქტორი გავითვალისწინეთ. მაგალითად, ხედავთ, რომ ჩვენს სიაში მრავლად არიან წარმოდგენილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და მათი ინტერესები საქართველოს პარლამენტში სათანადოდ იქნება დაცული, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვადასხვა სოციალური სეგმენტი არის წარმოდგენილი და ა.შ. ჩვენ გვქონდა ობიექტური კრიტერიუმები, ამ კრიტერიუმების საფუძველზე შევადგინეთ ჩვენი პარტიული სია და ეს სია გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვებისა ამ არჩევნებში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ ”ქართულ ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებს ”რეალური კონკურენტი არ ჰყავთ”. მისი თქმით, ისინი მაჟორიტარულ ოლქებს აუცილებლად მოიგებენ და სწორედ ამის გამო, პარტიის პროპორციული სიის 50-ეულში არ არიან წარმოდგენილი.

”მაჟორიტარული სიის დალაგებისას ასევე ვიხელმძღვანელეთ კონკრეტული პრინციპით. ჩვენ არ ვაპირებთ მაჟორიტარული არჩევნების წაგებას. არც ერთ ჩვენს მაჟორიტარს არ ჰყავს რეალური კონკურენტი – ისინი აუცილებლად მოიგებენ არჩევნებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ძირითად სიაში, პირველ 50-ეულში წარმოდგენილი არიან მხოლოდ არამაჟორიტარები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მაჟორიტარია, რომელიც დაამშვენებდა თუნდაც პირველ ათეულს, ოცეულს, ოცდაათეულს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს პრინპიცი ავიღეთ- პირველ 50-ეულში მაჟორიტარები არ არიან წარმოდგენილი, თუმცა ისინი აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილები საქართველოს პარლამენტში, ოქტომბრის შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები