პოლიტიკა

არიელ კოენი - ახალი თაობის პოლიტიკოსებს საქართველო და მისი მნიშვნელობა, შესაძლოა, ბოლომდე კარგად არ ესმოდეთ

13.09.16 15:55


ახალი თაობის პოლიტიკოსებს, კონგრესის თანამშრომლებს, ახალგაზრდა დიპლომატებს და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატსაც საქართველო და მისი მნიშვნელობა, შესაძლოა, ბოლომდე კარგად არ ესმოდეთ, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, არიელ კოენიმ ”ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”ახლახან პრეზიდენტების - პუტინის, ალიევის და როჰანის - შეხვედრის მოწმე გავხდით. რუსეთი აშკარად ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონებს საკუთარი ბეჭედი კიდევ ერთხელ დაასვას. გვაქვს უზარმაზარი დესტაბილიზაცია თურქეთში, ეს ყოველივე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და მით უმეტეს საქართველოს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან საქართველო სამეზობლოში ყველაზე პროდასავლური, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე რეფორმირებული სახელმწიფოა. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გამოკვეთილი მიზანი აქვს, იმის მიუხედავად, თუ რა უნდა რუსეთს, ირანს და ზოგი იტყოდა, თურქეთსაც. ვაშინგტონში თითქმის 25 წელია ვიმყოფები და მაშფოთებს ის, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსებს, კონგრესის თანამშრომლებს, ახალგაზრდა დიპლომატებს და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატსაც საქართველო და მისი მნიშვნელობა, შესაძლოა ბოლომდე კარგად არ ესმოდეთ”, - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ამერიკამ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გააფართოოს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.

”ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პრობლემის და ბოლო 8 წლის წინაღობის მიუხედავად, ნატო-ს წამყვანი ქვეყანა, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ევროატლანტიკურ სფეროში და ვიტყოდი მთელ მსოფლიოშიც. იმას, თუ რას იტყვის, ან რას იზამს ამერიკა, დიდი წონა აქვს. შეერთებულ შტატებს რომ გარკვევით ჰქონდეს ჩამოყალიბებული, თუ როგორ მოხდება საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, მით უმეტეს ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯის ფონზე, ევროპელების დაყოლიება დიდი ალბათობით მოხდებოდა. ერთ რამეს დავამატებდი: ევროპელები რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამო უკმაყოფილების გამოხატვის საბაბს ეძებენ, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოსთან უფრო ახლოს მუშაობა ერთ-ერთი ასეთი სიგნალი იქნებოდა. ასევე უკრაინასთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, იქ გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით და ზოგადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად მიმაჩნია. ვნახოთ, რა მოხდება 2017 წლის 20 იანვრის შემდეგ“, - აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 640


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები