პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესიის ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

05.11.20 11:45


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესიის ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა ეფექტური მულტილატერალიზმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და აღნიშნა, რომ მულტილატერალიზმი ყველა სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესს ემსახურება სიდიდის, ადგილმდებარეობისა და ეკონომიკური განვითარების მიუხედავად.

 

„მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა უნდა იყოს მუშაობის სახელმძღვანელო ინსტრუმენტი, რათა მიმდინარე კრიზისს ეფექტურად ვუპასუხოთ, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სრული დაცვით“ - განაცხადა ზალკალიანმა.

 

ზალკალიანმა მინისტერიალზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების მიზნით, აქტიურად განაგრძობს პროვოკაციულ ქმედებებს როგორც ჩვეული, ასევე ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენებით და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ახდენს ოკუპირებული რეგიონების იზოლირებას და ამით კიდევ უფრო ამძაფრებს ადგილზე არსებულ ადამიანის უფლებებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

 

ზალკალინმა თავის კოლეგებს შეახსენა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის წარსული შემთხვევების გამო სამართლიანობის არარსებობა კიდევ უფრო ხელს უწყობს დაუსჯელობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მინისტრმა გამოსვლაში დასძინა, რომ ამ მოვლენების პარალელურად, რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს, ასევე კიბერშეტევებსა და დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ.

 

„ნება მომეცით ხაზი გავუსვა ამ საგანგაშო მოვლენებზე ევროპის საბჭოს მხრიდან რეაგირების მნიშვნელოვან როლს. ამასთან, მინდა მივესალმო გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებს და მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. საჭიროა კიდევ უფრო ინტენსიური ძალისხმევა, რათა საერთაშორისო მექანიზმებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ოკუპირებული რეგიონები“ - განაცხადა ზალკალინმა.

 

სესიაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა იქცევა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის მქონე წევრი, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ჩართულობის კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეშვეობით.

 

გამოსვლის დასასრულს, ზალკალინმა საბერძნეთის რესპუბლიკას წარმატებული თავმჯდომარეობა მიულოცა და მინისტრთა კომიტეტის გერმანიის მომავალ თავმჯდომარეობას მიესალმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები