პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ გუშინ ვნახეთ ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა

09.11.20 13:40


„ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირ მოწოდებაზე რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი.

 

„ბოლო თვეების განმავლობაში, ყველა, ვინც აქ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვებრძვით ერთდროულად პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონში ომს და ვცდილობთ, პროცესის შემდგომი დემოკრატიზაციის ხარისხი გავზარდოთ. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, როდესაც რეალური რისკი არსებობდა, საქართველოს მოქალაქე ადგა, მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა. თან მივიდა ისე, რომ ეს იყო გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებული არჩევნების დროს აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და 2016 წლის არჩევნების აქტივობაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ რაოდენობის მოქალაქე მივიდა, ხმა მისცა და თქვა, რომ 9 პარტიას ვაძლევ მანდატს იმისთვის, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს.

 

ჩვენ გონიერი ხალხი ვართ და ყველას კარგად გვესმის, რომ ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქემ ჩვენ ყველას, იმ 9 პარტიასაც, დაგვავალა, ქვეყანას მიხედეთ, ქვეყანას მოუარეთ და ეს რომ დაგვავალა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმა, მოუარეთ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ეს ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესი არ გააჩეროთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, ყველაფერს, სამართლებრივი ანალიზი სჭირდება.

 

„ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია. ჩვენ ვცდილობთ, ამ ყველაფერს ისე მოვერიოთ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ.

 

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს.

ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები