პოლიტიკა

პრემიერი პარტიებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს

14.09.16 18:20


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.

მთავრობის მეთაური გამოდის წინადადებით, იმ ადგილზე, სადაც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრაა დაგეგმილი, არ მივიდნენ სხვა ძალების წევრები და მათი მხარდამჭერები.

„ჩვენ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე და მინდა რომ გავაჟღერო, რომ მზად ვართ, ამ კუთხით რაიმე სახის მემორანდუმიც კი შევთავაზოთ პოლიტიკურ ძალებს - არ ჩავატაროთ კონტრაქციები ანუ იქ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრას თავის ამომრჩევლებთან, არ მივიდეს მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ შეხლა-შემოხლა. სწორედ ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდენი წარმომადგენელი იყოს იქ ახლო-მახლოს (რა თქმა უნდა, ზეწოლაზე არ არის საუბარი და წარსულში დარჩა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა არჩევნებს. ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდება და არ არის საჭირო ახლა ილუზიები და პარალელების გაკეთება), რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მათი ამოცანაა, „მაქსიმალურად მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ ის და უზრუნველვყოთ, რომ როგორც პირველი ტურის, ასევე პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდი იყოს თავისუფალი ყველანაირი შეხლა-შემოხლისგან“.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან კარგი იქნება პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შევიკავოთ. მე ეს მოვუწოდე, პირველ რიგში, ჩვენს მომხრეებს რამდენიმე დღის წინ და რა თქმა უნდა, ეს ეხება ოპოზიციასაც. თუ იქნება პროვოკაციული ქმედებები, უმჯობესია, რომ პოლიცია ჩადგეს იქ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები