პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი - პირველი ხარისხის ფქვილის 50-კილოგრამიან ტომარაზე სახელმწიფო სუბსიდია იქნება არაუმეტეს 10 ლარისა

27.11.20 15:40


პირველი ხარისხის ფქვილის 50-კილოგრამიან ტომარაზე სახელმწიფო სუბსიდია იქნება არაუმეტეს 10 ლარისა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება.

 

მისივე ინფორმაციით, პირველი ხარისხის ფქვილზე იმოქმედებს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა და ის ოთხ თვეს, 31 მარტამდე გაგრძელდება.

 

„ჩვენ განვსაზღვრეთ ფასი 53 ლარით. ეს არის ფიქსირებული ფასი, რომელიც არის პირობა წისქვილებისთვის, რომ ამ ფასზე მეტად ისინი არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს. მოგახსენებთ, რომ ეს არის იმ კატეგორიის ფქვილი, რომელიც გამოიყენება პურის ცხობაში. ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ არ გავაძვიროთ პური. ამ შემთხვევაში, პირველი ხარისხის ფქვილზეა საუბარი. როგორ წესი, ვსაუბრობთ 50-კილოგრამიან ტომარაზე, ანუ 53 ლარზე. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია იქნება არაუმეტეს 10 ლარისა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამაში ჩართული წისქვილები ჩვენ შემოგვთავაზებენ სხვადასხვა ფასს, გარკვეული კონკურენციაც იქნება, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ სახელმწიფო რესურსი, რომ სახელმწიფოს დაუჯდეს უფრო ნაკლები თანხა, მაგრამ შედეგი მივიღოთ იგივე, რომ არ გაიზარდოს ფასი არც ხორბლის ფქვილზე და შესაბამისად, არ გაიზარდოს პურის ფასი. აქედან გამომდინარე, ეს იქნება მაქსიმუმ 10 ლარი 50-კილოგრამიან ტომარაზე.  ბიუჯეტი ჩვენი მხრიდან არის თვეში დაახლოებით, 2-2.5 მლნ ლარი, რაც მთელი პროგრამის ბიუჯეტს დაახლოებით, 10 მლნ ლარით განსაზღვრავს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები