პოლიტიკა

სოზარ სუბარი - სამგორის რაიონში ბევრი უკანონო მშენებლობაა და მოსახლეობას დავპირდი, სადაც კანონით შესაძლებელი იქნებოდა, დავეხმარებოდი, თუმცა არის ადგილები, სადაც ძნელია დახმარება

15.12.20 18:00


სამგორის რაიონში ბევრი უკანონო მშენებლობაა და მოსახლეობას დავპირდი, სადაც კანონით შესაძლებელი იქნებოდა, დავეხმარებოდი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

არის ადგილები, სადაც მოსახლეობა ბევრი წელია ცხოვრობს და მათ ფართების დაკანონებაში დახმარებას დაპირდა, თუმცა იქ, სადაც კანონი ამის საშუალებას არ იძლევა, ვერავის ვერაფერს ჰპირდება.

 

„სამგორთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. პრობლემური რაიონია.

დედაქალაქის მეოთხედს მოიცავს და პრაქტიკულად, ქალაქში ერთადერთი რაიონია, სადაც ბევრ ქუჩაზე არ არის გაზიფიცირება, ასფალტი, კანალიზაცია. ეს ყველაფერი გასაკეთებელი გვაქვს. ბევრი უკანონო მშენებლობაა და ყველას ერთსა და იმავეს ვპირდებოდი, სადაც შესაძლებელი იქნება, გავაკეთებთ და დავეხმარებით დაკანონებაში. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის მერიამ ათასზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ძნელია დახმარება. ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება.

 

არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს სახლები წლების წინ აქვთ აშენებული, იქ ცხოვრობენ, ხეხილი აქვთ დარგული და ვპირდებოდით, რომ დავეხმარებოდით.

მათ შორის იყო ხალხი, ვინც მეუბნებოდა, რომ 1 400 ან 1 800 კვ.მ. აქვთ შემოღობილი. ასეთ ადამიანებს იქვე ვეუბნებოდი, რომ 1 800 კვ.მ-ის დაკანონებაში მივეხმარებოდი, სადაც საშუალებას კანონი მოგვცემდა. თუ ადამიანებმა მართლაც ბოლო ორ-სამ თვეში ააშენეს სახლები და სხვა საცხოვრებელი აქვთ, ასეთ შემთხვევაში, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ“, – განაცხადა სუბარმა.

 

შეგახსენებთ, თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მუნიციპალური ინსპექცია უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები