პოლიტიკა

პრეზიდენტი დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს - თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და იმ თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი

16.12.20 10:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ,,დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც პანდემიის გამო ნაწილობრივ ონლაინფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მისი პირადი და ქართული საზოგადოების სახელით დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს უდიდესი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მათ მიმართ მადლიერებას ყოველდღიურად უნდა გამოხატავდეს.

 

,,თქვენ, რეალურად, იმ ძალიან ძველი ქართული ტრადიციისა და ქართული შემართების გაგრძელებას წარმოადგენთ, რომელმაც ამ ქვეყანას საშუალება მისცა გამკლავებოდა ყველა მტერს და დღემდე მოსულიყო თავისი გამარჯვებებით. თქვენ წარმოადგენთ ამის გაგრძელებას ჩვენი ტერიტორიების დაცვისათვის ბრძოლასა თუ საერთაშორისო მისიებში, თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და იმ თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი!

 

ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ წარმოადგენთ მაგალითს მომავალი თაობებისთვის: თუ როგორი უნდა იყოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება! და თავად საზოგადოება კი, ამ ღირსეული მოქალაქეების მიმართ ყოველდღიურად მადლობას უნდა იხდიდეს.

 

ყველას ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის: კერძო ბიზნესს, რომელიც ამ საქმიანობის ერთ-ერთი ძალიან მძლავრი მონაწილეა, უცხოელებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომლებიც ასევე ეხმარება ამ ფონდს და ჩვენ დაჭრილ მეომრებს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

პრესსამსახურის ცნობით, ონლაინრეჟიმში ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები და სამხედრო ატაშეები, ევროკავშირის ელჩი, საქართველოს ბიზნესასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრები, ქალთა ასოციაცია და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები