პოლიტიკა

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართა

19.05.16 19:25


თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართა. მოსარჩელე ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 14 ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ეხება გაფლანგვას, იძულებას, მითვისებას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სხვა.

გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ნორმები ბუნდოვანია, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მისივე თქმით, დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული საჩივარი სიკეთეს მოუტანს ყველა პირს, ვინც პოტენციურად შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.

"ვასაჩივრებთ იმ ნორმებს, რომლებიც იძლევა შერჩევითად, პოლიტიკური მოტივაციით პირი იყოს ბრალდებული, მსჯავრდებული, თავისუფლება აღკვეთილი, რაც გიორგი უგულავას შემთხვევაში გვაქვს. ერთადერთი მოტივაცია და საფუძველი მისი ციხეში ყოფნის არის ის, რომ არის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

ამასთან ერთად, ჩვენ ვასაჩივრებთ მითვისება-გაფლანგვის ნორმას, რომელიც არის განუჭვრეტელი და არაკეთილსინდისიერად გამოიყენება დღეს მოქმედი პროკურატურის და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. ეს არის ნორმა, რომელსაც ყურს საიდანაც უნდათ იქედან აბამენ", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

სარჩელის "მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" არსებითად განსახილველად მიღების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარებს. საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

"საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის გასაჩივრებული ნორმების მიხედვით დანაშაულად არის გამოცხადებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა იძულება, მითვისება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება, დოკუმენტების გაყალბება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს პროკურორის უფლებას გადაწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების საკითხი. აგრეთვე, ადგენს მტკიცებით სტანდარტებს, რონელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპი. სადავო ნორმები აგრეთვე განსაზღვრავს სასამართლოს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებისა და სამართლიანობის საფუძვლებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ირღვევა თანასწორობის, დაცვის უფლების, სამართლიანი სასამართლოსა და სათანადო მტკიცებულების გარეშე პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები