პოლიტიკა

EMC: მთავრობა ისევ კონტროლის ტექნიკით ცდილობს რელიგიურ ორგანიზაციებთან კომუნიკაციას

18.12.20 16:00


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი კრიტიკულად აფასებს მთავრობის მიერ არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციებისგან სასულიერო პირებისა და მრევლის სიების მოთხოვნას.

 


ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ფაქტობრივად აიძულებს ადამიანებს გაამჟღავნონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება. მათივე თქით, სახელმწიფო მოიპოვებს წვდომას სასულიერო პირების და მრევლის რაოდენობაზე, მათ საცხოვრებელზე.

 

"EMC-ს შეფასბით, ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ფაქტობრივად აიძულებს ადამიანებს გაამჟღავნონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება. ასევე, სახელმწიფო მოიპოვებს წვდომას სასულიერო პირების და მრევლის რაოდენობაზე, მათ საცხოვრებელზე. იმ ვითარებაში, როდესაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ რელიგიური ორგანიზაციების და თემების ნდობა ძალიან დაბალია და ის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებულ უწყებად განიხილება, პრობლემურია, რომ მთავრობა ისევ კონტროლის ტექნიკით და მეთოდებით ცდილობს რელიგიურ ორგანიზაციებთან კომუნიკაციას და მათ ავტონომიაში ჩარევას", - წერია განცადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ორთვიანი გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლის შემთხვევად დადგინდა ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრი. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიურმა ორგანიზაციებმა დისკრიმინაციულად მიიჩნიეს.

 

მთავრობის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.


საქართველოს მთავრობამ გარკვეულწილად შეცვალა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა რელიგიური დენომინაციის წარმომადგენლისთვის ამ პერიოდში დაგეგმილი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას, თუმცა ამ პერიოდში გადაადგილების უფლების მისაღებად მათ დასჭირდებათ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში სასულიერო პირების და მრევლის რეგისტრაცია გადაადგილების ერთჯერადი ნებართვის მისაღებად.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ფაქტობრივად შეარბილა მანამდე არსებული რეგულაცია და შექმნა პრაქტიკული მექანიზმი, ეს შეზღუდვა ასევე შეიცავს უფლების დარღვევის რისკებს. კერძოდ, ის საკუთარი რელიგიური კუთვნილების გამჟღავნებას აიძულებს ადამიანებს და მათ პირად ავტონომიაში ჩარევის რისკებს ქმნის. გასათვალისწინებელია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანამდეც ჰქონდა მცდელობა დაემუშავებინა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა პერსონალური მონაცემები, რაც რელიგიური ორგანიზაციების მიერ აღქმულ იქნა როგორც მათი კონტროლის მცდელობა. არსებობს რისკი, რომ სააგენტომ ისარგებლოს პანდემიის ვითარებაში გადაადგილების ადმინისტრირების საჭიროებით და ახლა სწორედ ამ საფუძვლით ცდილობს მიიღოს ინფორმაცია, რომლის გაცემაზეც მას თავის დროზე უარი განუცხადეს რელიგიურმა ორგანიზაციებმა. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სეკურალიზმისა და თანასწორობის პრინციპები და არ გამოიყენოს პანდემიის ვითარება რელიგიური ორგანიზაციებზე კონტროლის მოსაპოვებლად", - ნაქვამია განცადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები