პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

28.01.21 17:20


იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი სარაჯიშვილი და იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, აიმანიში ტაკაო, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ აკირა იმამურას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

 

საუბარი შეეხო საქართველოს მიღწევებს კორუფციის აღმოფხვრის, კარგი მმართველობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემების გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით.

 

მინისტრის თქმით, უწყება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სასამართლო ფორუმებზე სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში. ამის ნათელი მაგალითებია: 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის ოკუპაციის;

ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო; აგრეთვე ე.წ. დეპორტირებულების საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და იაპონიის წარმატებულ თანამშრომლობას ბავშვთა გატაცების სფეროში. საქართველო შეერთებულია ჰააგის 1980 წლის კონვენციას და ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს კონვენციის დროულ და ეფექტიან იმპლემენტაციას. საქართველომ უკვე გამართა შეხვედრა იაპონურ მხარესთან და გაუზიარა გამოცდილება ბავშვთა გატაცების საკითხების სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოსთან დაკავშირებით.

 

აკირა იმამურა საქართველოში იაპონიის ელჩად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. ის პროფესიონალი დიპლომატია, საქართველოში ჩამოსვლამდე საქმიანობდა დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადასა და რუსეთის ფედერაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები