პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე - შურისძიებისა თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ოპონენტები უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის

01.02.21 14:00


ჩვენ, ისევე როგორც საზოგადოება, საკუთარი თვალით ვხედავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, შურისძიებისა თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც დავით-გარეჯის საქმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

 

მისივე თქმით, მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, როგორი მძაფრი და უკომპრომისოც არ უნდა იყოს ოპონენტებს შორის დაპირისპირება, ყოველთვის არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი საკითხები, რომელთა ირგვლივ საზოგადოების ეროვნული ერთსულოვნება ამ სახელმწიფოს არსებობის საძირკველს წარმოადგენს.

 

ამასთანავე, სარჯველაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად გაგრძელდება, საკითხის გარეშემო არც ერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი და დამოუკიდებელი სასამართლო საბოლოო და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს ყველა პირთან მიმართებით, ვისაც შეიძლება რაიმე ბრალი მიუძღოდეს აღნიშნულ საქმეში.

 

„ჩვენს თვალწინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით, გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს, იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომდე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მათი დაჟინებული მცდელობების მიუხედავად, მმართველი პარტია არავის მისცემს ამ მოღალატეობრივი განზრახვის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას. დარწმუნებულები ვართ, თითოეული ქართველისთვის ურთულესი საყურებელია თუ როგორი ორგანიზებულობითა და გაშმაგებით ამტკიცებდნენ და ამტკიცებენ ყოფილი თუ მოქმედი ქართველი პოლიტიკოსები, ყოფილი მაღალი თანამდებობების პირები ამ გაუგონარ აბსურდს.

ყოვლად მიუღებელია, როცა ამას აბსოლუტური კატეგორიულობით ამტკიცებენ მოხელეები და პოლიტიკოსები, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაც იყო მაქსიმალურად დაეცვათ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის მუშაობის პროცესში.

 

სამწუხაროდ, ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ, თუ როგორი გააფთრებით ცდილობენ ჩვენივე თანამოქალაქეები სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით დამტკიცებული 1938 წლის რუკის უარყოფას. არავალიდურ დოკუმენტად შერაცხვას და იმ მტკიცებულების დეზაუირებას, რომელიც ცალსახად ადასტურებს ისტორიულ-სამართლებრივ ფაქტს, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია!

 

ამ ფონზე, როდესაც საქართველო - აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის პროცესი არ დასრულებულა, უპასუხისმგებლო და, შეიძლება ითქვას, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, როგორც 2005-2006-2007-2008 წლებში, ისე დღეს, და იმ აბსურდის მტკიცება, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის, საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში შეიძლება წარმოდგენილი იქნას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მტკიცებულებად.

 

ეს არის საქართველოს მომავალი სახელმწიფო დელეგაციის განიარაღების მიზანმიმართული მცდელობა, რამაც მოლაპარაკების პროცესში ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს“- განაცხადა სარჯველაძემ.

 

მან საქართველოს მოქალაქეებს, ყოფილი მაღალი თანამდებობების პირებსა პოლიტიკოსებს მიმართა და მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან და ერთი შეხედვით, ხელისუფლების დაზიანების მიზნით წარმოებული აბსურდული პროპაგანდით, ნუ დააზიანებენ ქართულ სახელმწიფოს.

 

„მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვას, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციას პროცესის ბოლომდე მიყვანას და მთელი ეს პროცესი აუცილებლად წარიმართება ისე, როგორც მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას შეეფერება.“- განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები