პოლიტიკა

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

04.02.21 11:00


ჟენევაში მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) წევრი ქვეყნებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიეუსის ინტერაქტიული დიალოგი გაიმართა, რომლის ფარგლებში, მონაწილეთა მიერ განხილულ იქნა მცირე სახელმწიფოთა გამოწვევები კოვიდ19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მიასურაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობის სახელით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს არსებული ინსტრუმენტების ფარგლებში ქვეყნისათვის გაწეული ტექნიკური და ექსპერტული დახმარებისთვის კოვიდ19-ის მედიკამენტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ვაქცინის უზრუნველყოფაში მადლობა გადაუხადა.

 

"ალექსანდრე მაისურაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ კოვიდ19-ის ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე და ქვეყანაში გატარებულ ზომებსა და COVAX-ის ფარგლებში მიღებული ვაქცინის პირველ პარტიაზე. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის მოსახლეობისთვის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ვაქცინის შესყიდვის პროცესში.

 

შეხვედრის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა თითოეული ქვეყნის წვლილზე კოვიდ19-ის ვაქცინაზე თანაბარი და სამართლიანი წვდომის თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში კოვიდ19-ით ინფიცირების მაჩვენებელმა უკვე 100 მილიონს მიაღწია და ამ ეტაპზე, წარმოებული კოვიდ19-ის ვაქცინა 50 ქვეყანაში, ძირითადად, მდიდარ ქვეყნებში ნაწილდება და აქედან, ვაქცინის დოზათა 75% მხოლოდ ათმა საშუალოზე მაღალშემოსავლიანმა ქვეყანამ მიიღო.

 

ტედროს გებრეიეუსმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა კოვიდ19-ის მედიკამენტებსა და ვაქცინაზე წვდომის „ACT Accelerator” და ვაქცინის თანაბარი განაწილების „COVAX“ ინსტრუმენტებზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა და ფორუმის წევრ ქვეყნებთან ახალი საპილოტე პროექტების შესახებ ისაუბრა კრიტიკული სიტუაციებისთვის მზადყოფნის თვალსაზრისით. მან ხაზი გაუსვა თითეული ქვეყნის ეროვნული შესაძლებლობის გაძლიერებისა და პირველადი ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობას.

 

აღსანიშნავია, რომ მცირე სახელმწიფოთა ფორუმი 1992 წელს დაარსდა და 108 სახელმწიფოს აერთიანებს, რომელთა მოსახლეობა 10 მილიონს არ აღემატება, მათ შორისაა საქართველოც.

 

ინტერაქტიული დიალოგი ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები