პოლიტიკა

გიორგი ბარამიძის თქმით, ხელისუფლებას მოუწევს სპეცრაზმის გამოყენებით შტურმი მიიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე

16.02.21 18:00


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ. მისივე თქმით, პარლამენტის გადაწყვეტილება მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

 

„არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არამედ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც და რიგითი ქართველები ყველა არის სოლიდარული ნიკა მელიას მიმართ. ყველა ეცდება იყოს აქ, რათა მელიას ცოცხალ ფარად წინ დაუდგეს და არ მივცეთ საშუალება, ნიკა მელია სრულიად პოლიტიკური მოტივებით, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით დააპატიმროს და თავისუფლება აღუკვეთოს.

მშვიდობიანი ფარი იქნება, წინ აღვუდგებით, რა თქმა უნდა, არაძალადობრივად.

ოღონდ ეს იქნება ძალიან სერიოზული მშვიდობიანი წინააღმდეგობა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ამ რეჟიმს მოუწევს, სპეცრაზმის გამოყენებით შტურმი მიიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე. ვნახოთ, ამას როგორ გააკეთებენ“, - განაცხადა ბარამიძემ.

 

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

 

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

 

12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები