პოლიტიკა

მთავრობა შეზღუდვების მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

24.02.21 17:40


კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყება.

 

რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

„მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა შემდეგია:

 

სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

 

სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;

 

რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;

 

ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

 

რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;

 

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;

 

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

 

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;

 

სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

 

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;

 

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

 

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

 

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები