პოლიტიკა

„არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ ვიზიტის განმავლობაში რამე შეთანხმება გაფორმდება“ - ალექსი პეტრიაშვილი

12.03.21 13:20


„დღეს ხელისუფლების ხელშია ყველა ბერკეტი და მასზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს შეთანხმების მისაღწევად“,- ასე გამოეხმაურა ალექსი პეტრიაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში.


ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში Pia.ge- სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას უჭირს ისაუბროს კონკრეტულ მოლოდინებზე, რადგან შესაძლოა, განმეორდეს ის სცენარი, რომელიც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

 

„ჩვენ ვიხილეთ ძალიან მაღალი დონის ვიზიტი და ვიზიტის მეორე დღეს გაკეთებული განცხადებები. შესაბამისად, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ ვიზიტის განმავლობაში რამე შეთანხმება გაფორმდება. ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი განსხვავებული იყო შარლ მიშელის აქ ყოფნის დროს და თვითმფრინავის აფრენის შემდეგ სრულიად განსხვავდებოდა“,- განმარტავს პეტრიაშვილი.

 

მისივე განმარტებით, აუცილებელია ორივე მხარემ გადაკვეთოს მათ მიერ გავლებული წითელი ხაზები და წავიდეს კომპრომისზე.

 

„შეთანხმება ყოველთვის კომპრომისების შედეგად მიიღწევა. ორივე მხარეს აქვს საკმარისი სივრცე იმისათვის, რომ ერთმანეთის მიმართულებით იმოძრაონ, მაგრამ ვიცით, ორივე მხარე საუბრობს გარკვეულ წითელ ხაზებზე და წითელი ხაზებით საუბრით ვერ გამოვა შეთანხმება“,- აღნიშნავს ის.

 

პეტრიაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლების ხელშია ყველა ბერკეტი და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება ეს პროცესი.

 

„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების მიღწევა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, სივრცე არის, მაგრამ რამდენად გადამდგმელია ამ სივრცეში ნაბიჯების ხელისუფლება, ამას ხვალ, ზეგ აუცილებლად ვიხილავთ“,- აცხადებს ის.

 

სააგენტო Pia.ge-სთან საუბრისას, ალექსი პეტრიაშვილი ყურადღებას ამახვილებს ასევე საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს მოსალოდნელ რეაქციაზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს იმ შემთხვევას, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა.

 

„ასოცირების საბჭოს სხდომა არის უმაღლესი ფორუმი,სადაც განიხილება ქვეყანასთან ურთიერთობის საკითხები და თუ ვერ მოხერხდა შეთანხმება, რეაქცია აუცილებლად იქნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. არ გამოვრიცხავ, რომ აქამდე დაწყებული საუბრები სანქციებთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამკაცრდეს“,- განმარტავს ის.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ,კრისტიან დანიელსონი უკვე ეწვია.

 

ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა. „ორბელიანების სასახლიდან“ კი შვედმა დიპლომატმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები