პოლიტიკა

ნინო ლომჯარია გარდაცვლილი მედდის საქმეზე: დიდი იმედი მაქვს, რომ დასკვნა ობიექტური იქნება

29.03.21 15:40


გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გამოძიების პროცესს ყურადღებით აკვირდება და აცხადებს, რომ აუცილებელია საგამოძიებო უწყებებმა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დროული, უტყუარი და ობიექტური დასკვნები წარმოდგენილი. ეს გადაარჩენს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს მომავალში.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად. თუ ხარვეზები იყო პირველად დახმარების გაწევის პროცესში, ესეც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ შემდგომში სამედიცინო პერსონალი მზად იყოს მსგავსი შემთხვევებისთვის და დავაზღვიოთ მსგავსი რისკები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დასკვნა ობიექტური იქნება. რაც არ უნდა მწარე იყოს ის რეალობა, რაც შეიძლება ამ დასკვნამ დაგვანახოს, აუცილებელია ვნახოთ, რა ხარვეზები აქვს სისტემას, იმისთვის რომ ის გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

 

დღეს რეგულირების სააგენტომ განმარტა, რა იგეგმება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის გამოსაკვლევად.

 

2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. მალავე ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები