პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს

30.03.21 17:40


ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას ამ პროცესში და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც ხელს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მოაწერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ის დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა, დღეს გაფორმდეს, არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელმაც ქვეყნის განვითარების გზა უნდა განსაზღვროს.

 

„სრულიად ვიზიარებ ბატონი დანიელსონის მოსაზრებას, რომ თუ შეთანხმება შედგა, გამარჯვებული იქნება არა რომელიმე მხარე, არამედ ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურს ცხოვრება იმ ქვეყანაში, სადაც მის არჩევანს აქვს შესაბამისი შედეგი საარჩევნო პროცესში. ამ ხელშეკრულების ჩავარდნა დააზიანებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ ამას აცნობიერებს და შესაბამისი განწყობით მოვიდა. გუშინ დავინახეთ, რომ საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოზიციები და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მედიატორმა მიიღო გადაწყვეტილება წარუდგინოს მხარეებს საკუთარი ხედვა, როგორ ესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.

 

ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მედიატორის მიერ შემოთავაზებული შესაბამისი ხედვა, თუმცა ცხადია, ამ შეთანხმებას მოვიაზრებთ, როგორც ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, და ცხადია, ვერ დავთანხმდებით ვერანაირ პირობას, რომელიც ქვეყანაში განამტკიცებს ერთპარტიულ ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია შეთანხმების ყველა პუნქტი და მედიატორის მიერ წარმოდგენილი ხედვა ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც არის მიშელის გეგმაში დაფიქსირებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას ამ პროცესში და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება.

 

დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები