პოლიტიკა

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები ხელს უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას - გახარია

31.03.21 12:40


დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშრებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. ის ასევე ეხმაურება გუშინდელი მოლაპარაკებების პროცესს და წერს, რომ რადიკალური პოზიციები ქვეყნისთვის დამაზიანებელია. გახარიას თქმით, უნდა დასრულდეს ქვეყანაში პოლარიზაცია:


"დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

 

ეს გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია.

 

საგულისხმოა, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება მათი არჩევანიცაა და ეს ისევე უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენი ეს რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

 

დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.

 

სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს.

 

30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან...

 

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

 

ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე" - წერს გახარია.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები