ეკონომიკა

ნათია თურნავა: ქართული სტარტაპის Pulsar AI-ის საერთაშორისო წარმატება ადასტურებს, რომ ჩვენი ინვესტიციები ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში სწორი ნაბიჯია

12.05.21 14:40


„პირველად საქართველოს ისტორიაში მაღალტექნოლოგიური სტარტაპ კომპანია გლობალურ ბაზარზე წარმატებით გავიდა. გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ვულოცავ ქართული სტარტაპის Pulsar AI - ის გუნდს ამ წარმატებას. ეს ფაქტიც ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს საქართველოში და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება და გამარჯვება გველის,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გლობალურ ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთი ლიდერის, კომპანია SpinCar-ის მიერ ქართული სტარტაპის Pulsar AI - ის შეძენის ფაქტი.


მისი თქმით, ამ გარიგების შედეგად, Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და Pulsar AI - ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 – 2019 წლებში სტარტაპი Pulsar AI-ი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით განხორციელებული 100,000 ლარისა და 650,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების გრანტების გამარჯვებულია.

 

„ეკონომიკის სამინისტრო, ინოვაციების სააგენტოს მეშვეობით, 2014 წლიდან აქტიურად მხარს უჭერს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და მსოფლიო ბანკთან ერთად უკვე 2018 წლიდან შევძელით უფრო მასშტაბური მხარდაჭერის პროექტები შეგვეთავაზებინა ქართველი სტარტაპებისთვის და დღეს ყველა უკვე ვხედავთ ამ შედეგებს.

 

ეს პირდაპირი დასტურია, რომ საქართველოს მთავრობის ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებში და ტექნოლოგიებში სწორი ნაბიჯი იყო და ამ მიმართულებით მზად ვართ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა განვახორციელოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები