პოლიტიკა

პარლამენტი თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის გაძლიერებაზე მუშაობს

01.07.21 17:00


საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში, სადაც საპარლამენტო საქმიანობაში თემატური მომხსენებლების როლზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და შესაბამის რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

 

„დღეს ქართულ საპარლამენტო ცხოვრებას შინაარსობრივი განხილვები აკლია და ამ კუთხით თემატური მომხსენებლების ინსტიტუტის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე საუბრისას.

 

მისი თქმით, კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პასუხისმგებელ პირთან, თემატურ მომხსენებელთან და თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

 

„ვთანხმდებით, რომ შინაარსობრივი დებატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ინსტრუმენტი. იმაზეც ვთანხმდებით, რომ საჭიროა ცვლილებები და მზად ვარ საკუთარი თავი წარმოგიდგინოთ თემატურ მომხსენებლად ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემ კოლეგებთან ერთად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტის მაგალითზე წარმოადგინა სტრუქტურული მოდელი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება აქტივობები საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის ჩართვისა და დანერგვის მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რაც აღნიშნულ პროცესში იკვეთება.

 

„კომიტეტში გვყავს სამი თემატური მომხსენებელი. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შრომა უფრო ეფექტურად იყოს განაწილებული და ყველამ ვიცით ჩვენი კონკრეტული მიმართულებები, თუ რაზე უნდა ვფოკუსირდეთ. ეს ცხადია იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამე ფორმით ეზღუდება სხვა მიმართულებაში ინტერესის გამოვლენა. ზოგადად, როგორც კანონშემოქმედებითი, ისე საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისითაც ვფიქრობ ეს მექანიზმი ძალიან კარგია და საბოლოო ჯამში, ამან ხელი უნდა შეუწყოს პარლამენტის მუშაობის ხარისხის გაზრდის უზრუნველყოფას. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა შევძლოთ და ყველამ ერთად მივაღწიოთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, ანა ნაცვლიშილმა თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან ამ მხრივ თემატური მომხსენებლის პოტენციალის სწორად, მიზნობრივად და შედეგიანად გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„მე ძალიან სერიოზულ პოტენციალს ვხედავ თემატური მომხსენებლის როლის გაძლიერებასა და ათვისებაში საქართველოს პარლამენტის მუშაობის პროცესში.

პარლამენტს ჭირდება საზოგადოების ნდობა და ნდობის ერთ-ერთი ფაქტორი იქნება ადამიანებმა დაინახონ, რომ პარლამენტი რეალურად მუშაობს იმ საკითხებზე, რომელიც მათთვის არის აქტუალური და მტკივნეული. თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის შემოღება და პრაქტიკაში დანერგვა საშუალებას მოგვცემს ჩვენ, რომ უფრო მეტად ცხადი გავხადოთ საპარლამენტო მუშაობა. მიმაჩნია, რომ ეს არის რესურსული, პერსპექტიული ინსტრუმენტი, რომელიც ინსტიტუციური მუშაობის ახალ, სრულიად ჯანსაღ და უფრო სწორ ეტაპზე გადაყვანას მოემსახურება. ოპოზიციისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა".

 

საპარლამენტო რეფორმების ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას ემსახურება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები