პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაზე მძიმე, რაც დღეს ვიხილეთ, იყო აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ

05.07.21 16:20


„ყველაზე მძიმე, რაც დღეს ვიხილეთ, იყო აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას სჭირდებოდა პრევენცია და სწორედ ამ მიზეზით მოხდა დაშორიშორება“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიციის მიერ, თბილისში, აგრესიული ჯგუფებისა და ჟურნალისტების განცალკევების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

 

მისივე თქმით, სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებმა ზუსტად იციან, როგორ უნდა დაიგეგმოს ოპერაცია სწორად.

 

„როდესაც საქმე გვაქვს ადამიანების მასასთან და დიდ რაოდენობასთან, არსებობს ობიექტური სირთულეები და, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელია, ადამიანების შედარებით მცირე ჯგუფი განარიდო შედარებით დიდ ჯგუფს, იმისთვის, რომ ინციდენტები არ მოხდეს. გამომდინარე იქიდან, რომ იქ იყო აგრესიის არა მხოლოდ რისკი, არამედ - ფაქტები, საჭირო იყო დაშორიშორება. ყველაზე მძიმე, რაც დღეს ვიხილეთ, იყო აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას სჭირდებოდა პრევენცია და სწორედ ამ მიზეზით მოხდა დაშორიშორება. ოპერაცია იყო სწორად დაგეგმილი და ამაზე პასუხს სამართალდამცველი ორგანოები გაგცემენ.

როდესაც ხედავ, რომ არსებობს მომეტებული რისკები, პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედო და რაღაც ნაბიჯებისგან უნდა შეიკავო თავი. სამწუხაროდ, ეს არ გააკეთეს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა. მათ იმოქმედეს იმ ძალების შესაბამისად, რომელთაც ამ ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“ თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოსხნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

 

ცოტა ხნის წინ, „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მარში დღეს არ შედგება.

 

„სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები