პოლიტიკა

„ლელო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე კვლავ უარს ამბობს

06.07.21 13:20


ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში დაწყებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არალეგიტიმურად მიაჩნია და აცხადებს, რომ „ლელო“ ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ აპირებს.

 

დეპუტატის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესის წამოწყებით, 19 აპრილის შეთანხმება დაარღვია.

 

„ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაბიჯის გადადგმით, აშკარად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება და ამ ნაბიჯით იგი ბოიკოტს უცხადებს სასამართლო რეფორმას, რისი ვალდებულებაც აიღო შეთანხმებით. ჩვენ მოვითხოვთ: სასწრაფოდ შეიკრიბოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმაზე; საჩქაროდ დაიწყოს იუსტიციის არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესი, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა და ხმები არის კონსტიტუციით გარანტირებული, სავალდებულოა და ჩვენ გარეშე ვერ დანიშნავენ წევრებს; შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და შედგეს კომისია, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, რაზეც ასევე არის მითითება 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებულ მდგომარეობას და ზუსტ და სწორ რეცეპტს მოგვცემს პარლამენტს იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს. სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო იურიდიულ კომიტეტში და რომლის მიზანიც იყო შეეტყუებინა ოპოზიცია და არსამთავრობო სექტორი და ჩაერთო ამ პროცესში და მერე ეთქვა, რომ ეს პროცესი იყო ინკლუზიური, ეს უკვე არ შედგა. არაერთმა აქტორმა ღიად განაცხადა, მათ შორის, „ლელომ“, რომ ჩვენ ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ. „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას, ჩვენ ამ შეთანხმების დარღვევას არ ვაპირებთ“, - განაცხადა, ფრაქციის სახელით, ანა ნაცვლიშვილმა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს - გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრება.

 

პარლამენტისთვის ასარჩევად, სულ წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 10 ივლისს დასრულდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები