პოლიტიკა

„ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანია გახსნილი“ - თამარ გაბუნია

06.07.21 15:00


ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია საყოველთაო იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში ორჯერ ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.


თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტალური სექტორი რჩება მობილიზებულ მდგომარეობაში იმისთვის, რომ შემთხვევების მართვა შესაფერისად მოხდეს.

 

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროგრამაში 160 დაწესებულება არის ჩართული.

 

„მოგეხსენებათ ბოლო 2 დღის განმავლობაში კიბერშეტევის გამო ხარვეზით მუშაობდა პორტალი. ამდენად დღეს რეგისტრაციის მაჩვენებლები დაჯამდა და შემთხვევების რაოდენობა გარკვეულწილად უფრო მაღალია, რაც ყოველდღიურ ჭეშმარიტ მაჩვენებლებს არ ასახავს.

 

რა თქმა უნდა ჰოსპიტალური სექტორი რჩება მობილიზებულ მდგომარეობაში იმისთვის, რომ შემთხვევების მართვა მოხდეს შესაფერისად. გუშინ მოგეხსენებათ დაიწყო, მასობრივი ვაქცინაციის კამპანია. ამ ეტაპზე 100 ათასი ჯავშანი არის გახსნილი და ელოდებათ მოქალაქეებს, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა.

 

160 დაწესებულება არის ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის საშუალებით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელი ხაზის საშუალებით, რაც გამოქვეყნებულია დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ პირებისთვის, რომლებიც ხანდაზმული ან ქრონიკული დაავადების მქონე პირები არიან, არის საშუალება, რომ ბინაზე აიცრან.

 

გაბუნიას განმარტებით, ამისთვის ცხელი ხაზი არსებობს.

 

„ასევე შესაძლებელია პირდაპირ კლინიკაში ვიზიტი და იქვე მოხდეს მოქალაქის დარეგისტრირება თუ ის სხვა გზით რეგისტრაციას ვერ ახერხებს. თუმცა ეს გზა რიგების თავიდან აცილების მიზნით ნაკლებად სასურველია. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი, 15 22, რომელიც მეტად კლინიკურ შეკითხვებზეა ორიენტირებული.

მაგალითად, ხანდაზმული პირი ან ქრონიკული დაავადების მქონე პირი, რომელიც არის სახლს მიჯაჭვული და ვერ გადაადგილდება და სჭირდება ბინაზე ვაქცინაციის მოთხოვნა, ასეთ შემთხვევაში 15 22 იღებს ასეთ მოთხოვნებს.

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ ხდება ამცრელი ბრიგადის ორგანიზება. 100-მდე ასეთი მოქალაქე არის ამ დროისთვის აცრილი. დილის მდგომარეობით აცრაზე 27 ათასი ჯავშანი იყო, ეს რიცხვი იმატებს სწრაფად. ნუ გადადებს მოქალაქე გადაწყვეტილებას ვაქცინაციის თაობაზე. მოლოდინი მეტი გვაქვს და ვფიქრობთ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ორჯერ ვაქცინირებულ პირებში ჩვენი მონაცემებით ძალიან დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი, ასევე დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი ერთხელ ვაქცინირებულ პირებშიც, რაც არის დასტური იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

 

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

 

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

ქვეყანაში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

 

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები