პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - ისევ ხალხის მოტყუებაზე მუშაობს „ოცნება“, ვიღაც უნდა დააჯეროს, რომ მან უარი თქვა დახმარებაზე, მართლა გჯერათ, რომ საქართველოს არ სჭირდება ევროკავშირის დახმარება?

01.09.21 18:00


ისევ ხალხის მოტყუებაზე მუშაობს „ქართული ოცნება“, ვიღაც უნდა დააჯეროს, რომ მან ცალმხრივად უარი თქვა. მართლა გჯერათ, რომ საქართველოს არ სჭირდება ევროკავშირის ფინანსური დახმარება? - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელიც მაკროფინანსური დახმარების გაწევას ეხება.

 

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმება, არ გაატარა რეფორმები, რასაც შესაბამისი სანქციები მოყვება საქართველოს ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან.

 

„ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ საქართველოს ევროკავშირის დახმარება არ სჭირდება.

ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ ის, რასაც ხელისუფლება ამბობს, სიმართლეა. სიმართლე არის ის, რომ ისინი არ ასრულებენ შარლ მიშელის შეთანხმებას, არ ატარებენ რეფორმებს და ამას შესაბამისი სანქციები მოყვება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან. ის, რაც ახლა ხდება 75 მილიონთან დაკავშირებით, ეს იქნება გადამდები სხვა დახმარებებზე, რასაც საქართველო იღებს, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე გაჭირვებული ქვეყანა ვართ, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარნტიორები სხვადასხვა პროგრამებით ეხმარებიან.

 

ამიტომ, მთავარი რაც მინდა ვთქვა, რას ელოდება დასავლეთი საქართველოსგან? ელოდება საქართველოს მოქალაქეების ხმას, დიახ, ამ არჩევნებზე მისვლას და პასუხის გაცემას, ვეთანხმებით „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ აღარ გვჭირდება ევროკავშირი და აღარ გვჭირდება დახმარება მათი მხრიდან, ფაქტობრივად უარს ვამბობთ ინტეგრაციაზე შემდგომში თუ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული ინტეგრაცია, გვინდა მართლმსაჯულებაში და სხვა მიმართულებით რეფორმები. აი, ამ ხმას 2 ოქტომბრის არჩევნებზე ელოდება მთლიანად დასავლეთი, რომელთანაც ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ამ აბსურდული განცხადებების შემდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ეს შარლ მიშელის დოკუმენტში პირდაპირ იდო და პირდაპირ იყო მიღებული ოფიციალური კანონის ძალის დოკუმენტი ევროკავშირის მიერ, ჩაწერილი იყო, რომ თუ შესაბამის რეფორმებს არ გაატარებს საქართველო, ის ამ დახმარებას ვერ მიიღებს, წერტილი. დამთავრდა, ამას ბევრი განმარტება არ უნდა.

 

ის, რომ ახლა საქართველოს უნდოდეს და ამ დახმარებას მიიღებს ხვალ, ეს წარმოუდგენელია. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ უბრალოდ ისევ ხალხის მოტყუებაზე მუშაობს, ვიღაც უნდა დააჯეროს, რომ მან ცალმხრივად უარი თქვა ამაზე. მართლა გჯერათ, რომ საქართველოს არ სჭირდება ევროკავშირის ფინანსური დახმარება? ვინმეს სჯერა საქართველოში ამის? ჩვენ ბოლო შეხვედრის დროს, პირდაპირ გვითხრა შარლ მიშელის ოფისმა კანონის ძალის დოკუმენტია ევროკავშირში, რომელიც ამბობს, რომ სექტემბრის ბოლომდე თუ მართლმსაჯულების სფეროში პროგრესი არ დაინახეს, 75 მილიონი არ გადმოირიცხებოდა. შესაბამისად, სექტემბრის ბოლომდე იყო ეს ვადა. როგორ ფიქრობთ, გიჟია საქართველოს მთავრობა რომ გამოხტა და ეს ყველაფერი გააკეთა?! იცოდა, რომ ამ თანხას ვერ მიიღებდა, სამწუხაროდ, ამით ჩვენ ვზარალდებით, საქართველოს მოქალაქეები და ვითომ დასწრებაზე იმუშავა, მაგრამ ამ ტყუილს თუ ვინმე დაიჯერებს, ჩემთვის წარმოუდგენელია, რეალობას ხომ არ უნდა ავცდეთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

 

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები