პოლიტიკა

გიგი წერეთელი - „ქართული ოცნება“ კვლავ საკუთარ ინტერესებზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას ეცდება

06.09.21 14:00


„ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და არ გააკეთეს ის, რასაც დაპირდნენ ჩვენს მოსახლეობასა თუ პოლიტიკურ სპექტრს, ამიტომ ძნელია მათი ქმედებების პროგნოზი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ რეფორმებს.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ საკუთარ ინტერესებზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას ეცდება.

 

„მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” დატოვა შარლ მიშელის შეთანხმება და უარი თქვა პუნქტების განხორციელებაზე, ძალიან ძნელია პროგნოზი, თუ რას შესთავაზებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებში რა ახალ კორექტივებს შეიტანენ და ზოგადად, ნდობა მათ მიმართ ძალიან დაბალია. მათ ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და არ გააკეთეს ის, რასაც დაპირდნენ ჩვენს მოსახლეობასა თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ ამ ცვლილებებში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ნაწილში იქნება ის, რომ ყველა შემდგომი არჩევნები იყოს პროპორციული და ბარიერი იმგვარი, 2%-იანზე იყო საუბარი, რაც გარანტიას მისცემს მომავალ პარლამენტს იყოს უფრო მრავალფეროვანი და კარგი საფუძველი ჰქონდეს კოალიციურ ხელისუფლებას.

 

ასევე მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმა, იქ არის პროკურატურის დაკომპლექტება, საგამოძიებო სისტემა და ა.შ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან ძნელია ახლა ივარაუდო თუ რას მოიმოქმედებენ ისინი, რანაირ ცვლილებებს შეიტანენ, რაც აუცილებლად მათი სურვილით მოემსახურება მათ ინტერესს და არა ქვეყნისა და რეფორმების ინტერესს“, - განაცხადა წერეთელმა.

 

ცნობისთვის, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2%-მდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები