პოლიტიკა

"აირაის" კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 32% ანტი-"მეოცნებეა", 25%-კი - ანტი-"ნაციონალი"...

24.04.16 17:50


"ბურჭულაძე, სერგეენკო, მარგველაშვილი და ალასანია - ასე გამოიყურება რეიტინგული ლიდერების პირველი ოთხეული აშშ-ის "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ("აირაი") სოციოლოგიური კვლევების მიხედვით. პარტიებში კი პირველ, მეორე და მესამე ადგილს "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები" იკავებენ. "აირაის" კვლევის შედეგები საგრძნობლად განსხვავდება "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ("ენდიაი") მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული შედეგებისაგან, სადაც ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად დავით ბაქრაძე იყო დასახელებული. "აირაის" კვლევა მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისს დაემთხვა. ანუ იმ პერიოდს, როცა მმართველი კოალიცია იშლებოდა და მას "რესპუბლიკური პარტია" და "ეროვნული ფორუმი" ტოვებდნენ. "აირაის" თავისი კვლევის შედეგები საზოგადოებისათვის ჯერ არ წარუდგენია. პარტიებიდანაც, როგორც ჩანს, იგი ჯერ მხოლოდ "თავისუფალ დემოკრატებს" გააცნეს, რადგან "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" განგვიცხადეს, რომ მათ ჯერ არაფერი იციან. სწორედ "თავისუფალი დემოკრატებისგან" გახდა ცნობილი "რეზონანსისათვის" კონკრეტული პროცენტებიც", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ამომრჩეველთა 32% ანტი-"მეოცნებეა", 25%-კი - ანტი-"ნაციონალი" / "აირაის" კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი პოლიტიკოსი არ არის.

"კვლევაში 1500-მდე ინტერვიუერმა მიიღო მონაწილეობა. მიღებული შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 55% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. 70% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. "ქართული ოცნება" - 20%, "ნაციონალური მოძრაობა" - 19%, "თავისუფალი დემოკრატები" - 13% - ასეთი შედეგი მიიღეს "აირაიში" კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს. შეკითხვაზე - ვინ მოაგვარებდა პრობლემებს - გამოკითხულთა 15%-მა "ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა, 13%-მა - "ქართული ოცნება" და 5%-მა - "თავისუფალი დემოკრატები". ამისგან განსხვავებული იყო "ენდიაის" შედეგები, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. მისი მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" 15% მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას" - 13 %, "თავისუფალ დემოკრატებს" - 6%, "ლეიბორისტებს" - 4% და "პატრიოტთა ალიანსს" - 3%. "თავისუფალი დემოკრატები" "ენდიაისაგან" განსხვავებით "აირაის" შედეგებით კმაყოფილი არიან. ამბობენ, რომ მესამე ადგილი და 13% მათთვის დამაიმედებელია", - აღნიშნავს გამოცემა.

"პარტიის მიმართ ნეგატივი ამ კვლევაში პრაქტიკულად არ ფიქსირდება. მისი მიხედვით, პოტენციურად მზარდი მხარდაჭერაც ყველაზე მეტი "თავისუფალ დემოკრატებს" გვყავს. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო კვლევაა," - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ზურაბ აბაშიძე. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "აირაის" კვლევა "ენდიაის" კვლევის ტენდენციას იმეორებს - "ნაცმოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ისევ 1 %-ით ჩამორჩება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პროცენტებია აწეული - "ეს კი შეიძლება ალგორითმიდან გამომდინარე იყოს, ანუ გააჩნია, საიდან ითვლება ეს პროცენტები - იმ ხალხიდან, რომელსაც არჩევანი გაკეთებული აქვს, თუ გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან. მთავარი პრობლემა იგივეა - ადამიანები არჩევნებს სკეპტიკურად უყურებენ და საშუალო სტატისტიკური ქართველი არჩევანს არც ერთ პარტიაზე არ აკეთებს. აქ არჩევნების ლეგიტიმურობის პრობლემა დგება. ხელისუფლების მთავარი ოპონენტი "ნაცმოძრაობა" კი არა, ამომრჩეველია, რომელიც ყველა პარტიას "არა"-ს ეუბნება", ამბობს ხუხაშვილი, რომლის აზრით, "ესაა მთავარი პრობლემა, ხელისუფლება ამას თვალს არ უსწორებს, ნაცმოძრაობასთან" იწილო-ბიწილოთია გართული და ჰქონია, რომ სამყაროში ამ ორი პარტიის გარდა არაფერი არსებობს", - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება ლიდერებთან დაკავშირებულ კითხვას - როგორია თქვენი განწყობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ - აქ 75%-მა "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დაასახელა, 64%-მა - ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას 60-60 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ. მათ პრემიერის გიორგი კვირიკაშვილი მოსდევთ 56%-ით, ხოლო "ნაცმოძრაობის" ლიდერ დავით ბაქრაძეს 54% აქვს. "ენდიაის" კვლევების თანახმად კი, კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოსწონთ, გამოკითხულთა 15%-მა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაასახელა, გამოკითხულთა 7%-ს ირაკლი ალასანია მოსწონს, 6%-ს - შალვა ნათელაშვილი, 5%-ს - გიორგი კვირიკაშვილი და 3%-ს კი - დავით სერგეენკო. "თავისუფალ დემოკრატებში" იმითაც კმაყოფილი არიან, რომ ამ ნაწილში, წინა კვლევისგან განსხვავებით, დავით ბაქრაძე არ ლიდერობს და ასევე იმითაც, რომ ირაკლი ალასანია მოწინავე პოზიციებს იკავებს", - დასძენს გამოცემა.

"კვლევის ასეთ შედეგს ბურჭულაძის მიერ დაარსებული "საქართველოს განვითარების ფონდის" წევრი ხათუნა ლაგაზიძე არ გაუკვირვებია. ამბობს, რომ ხალხი პოლიტიკური სპექტრით უკმაყოფილოა და ახალი ლიდერების, ახალი სახეების მოლოდინშია. პაატა ბურჭულაძის მიერ განვლილი გზა, როგორც საზოგადოებრივი აქტივისტისა და მსოფლიოში ცნობილი ქართველისა, მისი აზრით, ქმნის იმ პირველ ადგილს, რომელიც საზოაგდოებამ ბურჭულაძეს "ძალიან მაღალი პროცენტით" მიაკუთვნა. ჩვენს კითხვაზე, იქნება თუ არა ეს რეიტინგი საქარლამენტო არჩევნებში პაატა ბურჭულაძის ჩართვის საფუძველი, ლაგაზიძე შემდეგნაირად გვპასუხობს: "ეს ამ ეტაპზე ერთ რამეს ადასტურებს - საზოგადოებას ახალი ლიდერების მოთხოვნილება აქვს. ის ასეთ ლიდერებს ეძებს და როგორ ჩანს, პოულობს კიდეც. თუმცა შეცვლის თუ არა ეს პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილებას, ამას პასუხი თავად მან უნდა გასცეს. ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხი მანამდე არ გვექნება, სანამ ის ამერიკიდან არ დაბრუნდება". რეიტინგული ლიდერების სია გია ხუხაშვილისთვის მრავლისმთქმელია. პაატა ბურჭულაძის პირველ ადგილზე ყოფნას იმით ხსნის, რომ იგი წარსული ცოდვებით დამძიმებული არაა და ეს ფაქტორი მოქმედებს. სერგეენკოს რეიტინგი კი, მისი აზრით, საკმაოდ ლოგიკურია", - წერს სტატიის ავტორი.

"პირველ ხუთეულში მოხვედრილი ადამიანები ერთმანეთს ძალიან ბევრი რამით გვანან. ჩანს, რომ საქართველოში დღეს ასეთი ტიპის მენეჯერებზეა მოთხოვნა - გაწონასწორებული, დალაგებული. ხალხში ავანტიურაზე მოთხოვნილება არაა. ესე გარკვეული დასკვნების საფუძველს იძლევა", - ასკვნის ხუხაშვილი. სოციოლოგი და საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა კი ამბობს, რომ მანამ, სანამ შედეგების შეფასებას დავიწყებდეთ, უნდა ვიცოდეთ, თუ რას იკვლევდნენ მკვლევარები, რა სიტყვებს ხმარობდნენ კვლევისას და ა.შ. ლიდერების შემთხვევაში დასმული კითხვა - როგორია თქვენი განწყობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ - მისი აზრით, ძალიან ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამბობს, რომ განწყობა ემოციური დამოკიდებულებაა და ძნელი სათქმელია, ვინ რა იგულისხმა პასუხის გაცემისას. მისი თქმით, შესაძლოა, დადებითი განწყობა ადამიანს ერთის მიმართ ჰქონდეს, მაგრამ ქვეყნის მართვას მეორეს ანდობდეს, რადგან მას უფრო საქმის გამკეთებელ ადამიანად მიიჩნევდეს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსი არაა, იგი საზოგადო მოღვაწეა და უცნობია, საერთოდ რატომ მოხვდა ამ კვლევაში. პრეზიდენტი, მინისტრი და ბურჭულაძე ერთ კონტექსტში როგორ აღმოჩნდნენ, ვერ ვიგებ. სერგეენკოს თითქმის ყველა კვლევაში პირველი ადგილი უკავია ხოლმე. მისი მაღალი რეიტინგი ცნობილია, გასაგებია და ლოგიკაში ჯდება. პრეზიდენტის მიმართაც შეიძლება დადებითი განწყობა იყოს. ბაქრაძე და ნათელაშვილი რომ არ არიან სამეულში, ეს უკვე კარგია. ეს კვლევა კი სინამდვილესთან შედარებით ახლოსაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები