პოლიტიკა

ანა ბიბილაშვილი - ნებისმიერი ტერიტორიის განვითარება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით

24.09.21 14:40


„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო სურგულაძე დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივები II მიკროს ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ და დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.

 

ანა ბიბილაშვილის განცხადებით, ქალაქში საჭიროა როგორც სპორტული, ასევე რეკრეაციული სივრცეები, თუმცა ამ ორის დაგეგმარება არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ნების წინააღმდეგ.

 

მისი თქმით, აუცილებელია ნებისმიერი სივრცის მოწყობის დროს, მოსახლეობის უმრავლესობის აზრი მკაცრად იყოს დაცული.

 

„დიდი დიღმის მოსახლეობა II მიკროს ტერიტორიას რეკრეაციულ ზონად იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ კეთილმოწყობილი არ არის. მათ მსგავსი ფართის სახით სხვა ალტერნატივა არ აქვთ. ამ მოთხოვნით მერიას, რამდენიმე წლის წინ მიმართეს, გაიმარჯვეს პროექტში, თუმცა მერიამ მათი სურვილი არ გაითვალისწინა და სივრცე გადაეცა ჯგუფს, რომელიც დახურული სპორტული მოედნის მოწყობას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ სპორტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგები, პირიქით, ეს ძალიან საჭიროა. ქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება ღია საჯარო სარეკრეაციო სივრცეები, რადგან ჰაერის ხარისხით სიკვდილიანობის მძიმე მაჩვენებელი გვაქვს, თბილისს სჭირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამიტომ იცავენ ეს ადამიანები ამ ტერიტორიას, თავიანთი შვილებსა და მომავალი თაობისათვის. მერია კი, რომელიც ამ ხალხის გვერდით უნდა იდგეს, იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და არ უსმენს ადამიანებს. „ლელოს“ ხედვით, ნებისმიერი ტერიტორიის განვითარება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით,“- აღნიშნა ბიბილაშვილმა.

 

„ლელოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო სურგულაძე მერიის პასუხისმგებლობას ხედავს იმაში, რომ დიდ დიღომში, II მიკროს ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა ხალხის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ვერ ხერხდება.

 

„2016 წლიდან ადგილობრივი მოსახლეობა ყველა შესაძლო საშუალებით ითხოვს ამ ადგილზე სკვერის მოწყობას. მოთხოვნის საფუძველზე ამ ადგილს სარეკრეაციო „ზონა 2“ ის სტატუსი მიენიჭა. 2019 წელს შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე მონაწილეობა მივიღეთ პროექტში „იდეა მერს“, პროექტი ფინალში გავიდა, თუმცა შემდგომი რეაგირება აღარ მოჰყოლია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობას იგეგმება, რაც ამ საზოგადო წვდომის ტერიტორიის კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზე მორგებას ითვალისწინებს, ხოლო მოსახლეობა კი გამწვანებულ სივრცეს დაკარგავს, რომელიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისათვის“,-განაცხადა სურგულაძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები