პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: რომ არ შეგვრცხვეს ჩვენი შვილების, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპული სტანდარტით პოლიტიკოსობა არ ნიშნავს კანონის წინაშე იმუნიტეტის ქონას და კანონებს არ არგებენ ერთეულ პოლიტიკოსებს

19.10.21 15:00


„მსურს, გამოვეხმაურო ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების სახელზე მომზადებულ მიმართვას, რომელსაც, სხვა ყოფილ სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, ევროპარლამენტის რამდენიმე ამჟამინდელი წევრიც აწერს ხელს, რომელიც გამოხატავს პირადი ურთიერთობების საფუძველზე შექმნილ სუბიექტურ მოსაზრებებს საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მისი თქმი, როგორც საქართველოს ამაყ მოქალაქეს, არ სურს, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტები, ან სახელმწიფო მოხელეები, მოღვაწეობის შემდეგ იქ ხვდებოდნენ, სადაც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება.

 

„ამასთანავე, მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ თავი აარიდოს ორმაგი სტანდარტების დანერგვას და ვიხელმძღვანელოთ სწორედ იმ ევროპული სტანდარტით, რომლისკენაც ასე მივისწრაფვით. შემდეგ რომ არ შეგვრცხვეს ჩვენი შვილების, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სტანდარტით პოლიტიკოსობა არ ნიშნავს კანონის წინაშე იმუნიტეტის ქონას და კანონებს არ არგებენ ერთეულ პოლიტიკოსებს.

 

როგორც ქართველ პოლიტიკოსს, რომელსაც მაქვს ამბიცია, ჩემი პოლიტიკური საქმიანობა სრულად მივუძღვნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ჭირდება დემოკრატიის სტანდარტების ერთგულება, რაც პირველ რიგში გულისხმობს სამართლის უზენაესობას და კანონის წინაშე ყველას თანასწორობას. ამ მოსაზრებას იზიარებს ევროპელი პოლიტიკოსების უმეტესობა, რომელთათვისაც ევროპული ფასეულობები ევროკავშირის მთავარი საფუძველი და ძალაა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მათ, ვინც თავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ქომაგად მიიჩნევს, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო სისტემაზე და ინსტიტუტებზე ჩრდილის მიყენება და მათი სრული დისკრედიტაციის დაუსაბუთებელი მცდელობა საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ მხოლოდ ხელს უშლის და არ ემსახურება საქართველოს სტრატეგიული ინტერესებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები