პოლიტიკა

“ყველა საბუთზე წაუკითხავად ვუწერდი ხელს”- ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის დაკარგულ $400 მლნ-ზე

22.11.21 10:15


"ფორმულამ" ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილზე ვიდეო გაავრცელა, სადაც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ის ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიულ ბანკთან დავის ფარგლებში ჩვენებას დისტანციურად აძლევს.

 

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ Credit Suisse-ს ყველა საბუთს წაუკითხავად აწერდა ხელს.ოლიგარქი ახლა  ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებშია ჩართული, რამდენიმე დღის წინ კი მან საქართველოდან ბერმუდის სასამართლოს ჩვენებაც მისცა. 

 

ცჩვენებაში ივანიშვილი აცხადებს, რომ “ბანკის ყველა საბუთს წაუკითხავად აწერდა ხელს” და რომ Credit Suisse-თან ურთიერთობაში ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ პერიოდში “ქართუ ბანკის” საბჭოს წევრი და “ქართუ ფონდის” მმართველი იყო, მხოლოდ საორგანიზაციო ფუნქციებს ასრულებდა და მის შინაარსობრივ დეტალებთან კავშირი არ ჰქონდა.

 

“არ იფიქროთ, რომ ფინანსურ სტრუქტურებში გარკვევა არ შემიძლია. მე შემიძლია, თუმცა არასდროს არ მიცდია, ახლაც არ ვიცი რა მომეცით თქვენ. მე არ ვცდილობდი ამ სტრუქტურების შესწავლას და მასში გარკვევას, მე ვამოწმებდი მხოლოდ თანხის რაოდენობას, ვამოწმებდი გვარებს და სახელებს და ასაკს ჩემი შვილების, ჩემი მეუღლის თუ რამე გადანაწილება ხდებოდა. მაგრამ სტრუქტურას როგორ წარმოადგენდნენ ამაში გარკვევას არ ვცდილობდი. მე სტრუქტურაში არ ვერეოდი. ეს არაფერს არ ნიშნავდა ჩემთვის, ტრასტი თუ სხვა რაღაც. მე მოვედი Credit Suisse-ში და მის ნებისმიერ სტრუქტურას რაც მას აწყობდა ხელს ვაწერდი წაუკითხავად, რასაც მთავაზობდა პროფესორი [პირადი ბანკირი] ვაწერდი ხელს, თავად სტრუქტურა ჩემთვის საინტერესო არ იყო.

 

ეს იყო როგორც პაციენტი რომ ექიმთან მიდის, ან სტუდენტი პროფესორთან და მის დავალებას ასრულებს, აი ასეთი იყო დამოკიდებულება,”- აცხადებს ივანიშვილი.

 

ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით ბ იძინა ივანიშვილი აცხადებს:

 

“ერთი პატარა რემარკა მინდა გავაკეთო ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რადგან ღარიბაშვილი ასე აინტერესებს [Credit Suisse-ის იურისტს გულისხმობს, რომელიც მას კითხვებს უსვამს]. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუკი Credit Suisse მიმანიშნებდა რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი?.... დაუშვათ დელეგაცია ჩამოდიოდა და დროის შეთანხმება იყო საჭირო ან მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა, ან ზარის განხორციელება ან შეხვედრის ორგანიზება ან თვეში ერთხელ გაეგო [ირაკლი ღარიბაშვილს] ანგარიშზე რა თანხა იყო და ასე შემდეგ,”- განმარტავს ივანიშვილი.

 

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ სქემას. მის შესახებ დავა შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარეობს. პატრიკ ლესკადრონის დანაშაულები 2015 წელს გამოაშკარავდა.

 

დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

 

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.

 

ბერმუდის კუნძულების უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ, 2020 წლის 11 თებერვალს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება პროცესზე "ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ" და საკუთარი განჩინებით, შვეიცარიულ ბანკს პროცესთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტების გამჟღავნება დაავალდებულა.

 

Credit Suisse-მა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რასთან დაკავშირებითაც უკვე ერთ წელზე მეტია ცალკე განხილვები მიმდინარეობს.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები