პოლიტიკა

რევაზ სოხაძე - 2 დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ ჩვენს კოლეგებს პასუხები არ აინტერესებთ, ისინი მხოლოდ ცდილობენ, რომ კითხვები დასვან

24.12.21 16:00


ორი დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ ჩვენს კოლეგებს პასუხები არ აინტერესებთ, ისინი მხოლოდ ცდილობენ, რომ დასვან კითხვები, გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, პროტესტი, ხოლო პასუხის მოსმენის არც სურვილი გააჩნიათ და არც ინტერესი, -ასე შეაფასა საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძემ დღევანდელ სხდომაზე მომხდარი დაპირისპირება. მან განმარტა, თუ ვის შეეხება მომავალი წლიდან დასუფთავებასთან დაკავშირებით გადასახადის გაზრდა.

 

"დღეს ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ იმაზე, რომ პრობლემები არსებობს "თბილსერვისთან" დაკავშირებით, ურნებთან და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვადასტურებთ. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს და ამ პრობლემებს მოგვარება სჭირდება. მოგვარების ერთ-ერთი საშუალება არის ბიუჯეტში თანხები. დღემდე ისე იყო, რომ კერძო სექტორი იხდიდა ნარჩენების მოსაკრებლის დაახლოებით 60%-ს, ხოლო იურიდიული პირები იხდიდნენ 40%-ს. როდესაც ნარჩენებში წილობრივად იურიდიული პირების ნარჩენები შეადგენს 60%-ს, ხოლო კერძო პირების 40%-ს, ამ შემთხვევაში, თითოეული ჩვენთაგანი ვასუბსიდირებდით იურიდიული პირების ნარჩენების გატანას, რაც ვფიქრობ, ერთი მხრივ, უსამართლოა და არ არის სწორი, ხოლო მეორე მხრივ, ეს ბალანსი რომ შეგვეცვალა,დღეს ხდება ის, რომ გაზრდა შეეხებათ მხოლოდ იურიდიულ პირებს. ესეც იმ დათქმით, რომ სასტუმროებს და სარესტორნო ბიზნესს გადაეცემა 1000-ლარიანი ვაუჩერი,რაც დიდწილად მთლიანად დაფარავს მათი მთელი წლის ხარჯს.

მინდა მოსახლეობამ და მათ შორის იურიდიულმა პირებმა კარგად იცოდნენ,რომ მაგალითად, ფაბრიკა, რომელიც მუშაობს, მას შეიძლება ყოველთვიურად გადასახადი გაუძვირდეს დაახლოებით 30-დან 100 ლარამდე", - განაცხადა სოხაძემ.

 

მისი თქმით, ყველა ობიექტს, რომელიც ტურისტულ სექტორთან არის დაკავშირებული, ექნება 1000-ლარიანი ვაუჩერი.

 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის დღევანდელ სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მმართველო გუნდის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება ფასების გაზრდასა და უმოქმედობაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, მათ ოპოზიციას "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდი შეახსენეს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები