პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი გეზი ევროკავშირისკენ მტკიცე და უცვლელია

13.10.16 20:50


“Vatican Insider”-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს სათაურით „კათოლიკეები და მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთად აღმსარებლობის თავისუფლებისთვის“. საქართველოში რომის პაპის ვიზიტის მნიშვნელობასთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილმა, ინტერვიუში, ქვეყნის საგარეო კურსზე ისაუბრა.

პაპის ვიზიტი „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა“ იყო საქართველოსთვის, „რომელიც სულ უფრო უახლოვდება ევროპასა და დასავლეთს“. არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამ ვიზიტის კრიტიკისა თუ ბოიკოტირებისთვის, რისკენაც ისწრაფოდა ადგილობრივი სასულიერო პირების ნაწილი. „მე ვერ ვხედავ პროტესტის რაიმე მიზეზს. ჩვენ უფრო გულგახსნილები უნდა ვიყოთ. ევროპა არის ჩვენი სახლი, როგორც კულტურულად, ისე ისტორიულად“, – ასე შეაფასა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტების პირველი ეტაპის ფარგლებში თბილისში პონტიფიკოსის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პოლემიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც, საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ერთად, ახლდა პაპ ფრანცისკეს სვეტიცხოვლის ტაძარში.

– პაპმა გამოხატა „უღრმესი მადლობა“ საქართველოში თბილი მიღებისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პაპის ვიზიტი დღეს? შეიტანს თუ არა ის წვლილს სამხრეთ კავკასიასა და მის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის შემსუბუქებაში?

– პაპ ფრანცისკეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს, როცა მოახლოვდა საპარლამენტო არჩევნები. როგორც ალბათ იცით, პაპის ვიზიტის თემებია მშვიდობა და ძმობა. შესაბამისად, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინკლუზიურობის, ტოლერანტობისა და პატივისცემის გზავნილს, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სოციალურ სტრატეგიებს. საქართველო არის მართლმადიდებელი ქვეყანა, მაგრამ აღმსარებლობის თავისუფლება ჩვენთვის არის არა მხოლოდ იურიდიული უფლება, არამედ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანიც. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გაშლილი ხელებით მიესალმება მრავალფეროვნებას. დავამატებდი, რომ დიალოგს რელიგიათა შორის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამართული და ინკლუზიური დემოკრატიისთვის. ეს მიზანი საერთოა საქართველოს მართლმადიდებელი და რომის კათოლიკური ეკლესიების მეთაურებისთვის და ამ ვიზიტმა ცხადყო, რომ ისინი დგამენ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

– ვარდების რევოლუციის შემდეგ 13 წელი გავიდა, ხოლო რუსეთთან ომიდან 6. როგორია საქართველოს ამჟამინდელი პერსპექტივა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით?

– ქართველთა ოცნება გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც თავისუფალი მსოფლიოს ნაწილია, ასევე, საერთო ღირებულებებისა და მისწრაფებების საფუძველზე, ერთიან ევროპაში შესვლას. გამოვთქვამთ იმედს, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება პლურალისტული, თავისუფალი და სამართლიანი და იქცევა მნიშვნელოვან მოვლენად საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და დასავლეთისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად. დღეს, როცა ევროპის ერთიანობა გამოცდის წინაშე დგას, ჩვენი გეზი ევროკავშირისკენ მტკიცე და უცვლელია და ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ არჩევანს. ვიზების ლიბერალიზაცია მნიშვნელოვნად დაგვაახლოებს ევროპული ქვეყნების ოჯახთან და ცხადყოფს, რომ რეფორმების თავდაუზოგავად განხორციელების წლებს რეალური შედეგი მოაქვს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბრიუსელი აღიარებს ჩვენს ძალისხმევას და დროულად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ“.

– საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური სახელმწიფო პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიუხედავად ამისა, თქვენს მცდელობას ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ჯერ არ მოჰყოლია დადებითი პასუხი.

– „ნატოსა და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო, შეიძლება ითქვას, პრივილიგირებული ურთიერთობებიც კი. როგორც წევრობის მსურველ ქვეყანას, საქართველოს აქტიურად შეაქვს წვლილი ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში.

მართალია, ჩვენი მოსახლეობა 4 მილიონს შეადგენს, მაგრამ ავღანეთში მონაწილე სამხედრო პერსონალის სიმრავლის მიხედვით ჩვენ მესამე ადგილზე ვართ. გარდა ამისა, აგვისტოში აღინიშნა საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის გახსნის პირველი წლისთავი. ის ფაქტი, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე მონტენეგრო გახდა ალიანსის წევრი, ცხადყოფს, რომ ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკის გატარებას. საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, მონტენეგროს მსგავსად, ნატოში შესვლა“.

– 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან გაწყვეტილია. პაპ ფრანცისკემ მოითხოვა საერთაშორისო სამართლისა და ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა და დაამატა, რომ ლტოლვილებს უნდა ჰქონდეთ სახლებში თავისუფლად დაბრუნების შესაძლებლობა. როგორია ამჟამინდელი სიტუაცია სეპარატისტულ რეგიონებში?

– „ევროპულ ღირებულებებს (მოქალაქეთა უფლებები, არჩევნის უფლება და კანონის უზენაესობა) არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის, ყველა სახის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მოგერიებისთვის, ასევე დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა საქართველოს მოქალაქის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ჩათვლით, სტაბილური, მშვიდობიანი განვითარებისა და რეინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.

მართალია, საქართველოს ტერიტორიები დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, მაგრამ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, რის გამოც ჩვენი გადაწყვეტილება, ქვეყნის გაერთიანებასთან დაკავშირებით, ურყევია, თუმცა ამის განხორციელებას ჩვენ ვგეგმავთ მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. ამ კონტექსტში ვიზების ლიბერალიზაცია, გარდა იმისა, რომ საგრძნობ სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა მოქალაქეს, ასევე, შეახსენებს და თვალნათლივ დაუდასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროკავშირში ინტეგრაციის სარგებელს.

http://www.lastampa.it/2016/10/07/vaticaninsider/ita/inchieste-e-interviste/georgia-il-premier-del-dopobergoglio-cattolici-e-ortodossi-insieme-per-la-libert-religiosa-H02CwXPD9k7mvOOBUbeBwM/pagina.html


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები